სს ,,რუსთავის აზოტში“ კონდენსაციური ელექტროსადგური გაიხსნა

მთავარი / სიახლეები

21 ოქტომბერს, ,,რუსთავის აზოტში” კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს), გაიხსნა, რომელიც SIEMENS-ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონდენსაციური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდა SIEMENS SST-300-ის ერთი ორთქლის კონდენსაციური ტურბინა ნომინალური 9,0 მვტ ელექტრო სიმძლავრით.
პროექტის საერთო ჯამურმა ბიუჯეტმა 5,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც სრულად დაფინანსდა სს ,,რუსთავის აზოტის“ საკუთარი სახსრებით.
ორთქლის ტურბინის გენერატორი, ელ. ენერგიას გამოიმუშავებს იმ ორთქლის მეშვეობით, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ, ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზევე გამოიყოფა და ამ დრომდე გამოუყენებლად იკარგებოდა.
აღნიშნული ელექტროსადგური უზრუნველყოფს სს ,,რუსთავის აზოტის“ წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20%-ს, რაც უნიკალურ საშუალებას იძლევა კომპანიამ 20%-ით ნაკლები ელ. ენერგია შეიძინოს საბითუმო ბაზარზე.

ოქტომბერი 21, 2019

სს ,,რუსთავის აზოტში“ კონდენსაციური ელექტროსადგური გაიხსნა