პრიმულა ანუ ფურისულა

მთავარი / სიახლეები

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე

პრიმულა  ანუ ფურისულა

ეს არის გაზაფხულის პირველი ღიმილი  თქვენს  ბაღში. თუ არსებობს ყვავილი, რომელიც  გაზაფხულის მოსვლას  ყველაზე  ლამაზად გვამცნობს, ეს ნამდვილად  პრიმულაა.

რატომ არის პრიმულა განსაკუთრებული?

მისი სახელწოდება ლათინური სიტყვიდან primus მოდის  და „პირველს“ ნიშნავს – რადგან  ერთ-ერთი პირველი  ყვავის  ადრე გაზაფხულზე. არსებობს მისი ასობით სახეობა და ფერი: ყვითელი, ვარდისფერი,  წითელი,  იასამნისფერი, თეთრი და ლურჯიც კი.

სად და როგორ მოვათავსოთ?

პრიმულას უყვარს  ნახევრადჩრდილი და გრილი გარემო. საუკეთესოა  აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთის ფანჯარა. ბაღში იდეალურია  ხეების ქვეშ ან ჩრდილში. პირდაპირი მზის სხივები აზიანებს  ყვავილს და ამცირებს  ყვავილობის ხანგრძლივობას.

ტემპერატურა

პრიმულა თავს საუკეთესოდ გრძნობს  10-18 0C  ტემპერატურაზე. ზედმეტ სიცხეში სწრაფად ჭკნება. ამიტომ  სახლში გრილ ადგილას მოათავსეთ.

მორწვა

პრიმულას უყვარს ტენიანი ნიადაგი, მაგრამ  ვერ იტანს  წყლის დაგუბებას. ამიტომ  მორწყეთ  რეგულარულად არ დაუშვათ ნიადაგის სრული გამოშრობა. წყალი დაასხით ფესვთან  და არა ფოთლებზე. ჭარბი მორწვა იწვევს ფესვების ლპობას.

ნიადაგი და კვება

უყვარს ჰუმუსით მდიდარი, კარგად  დრენაჟიანი ნიადაგი.იმისათვის რომ მცენარემ დიდხანს  შეინარჩუნოს  სიცოცხლისუნარიანობა  და ინტენსიური ფერი, აუცილებელია სწორი კვების რეჟიმი.  

მის კვებაში გამოიყენება აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები.

აზოტი – იგი გადამწყვეტ როლს თამაშობს  მწვანე მასის  განვითარებაში. იგი ზრდის სტიმულატორია.

ფოსფორი – საჭიროა  ფესვთა სისტემის  გასაძლიერებლად და კოკრების ფორმირებისათვის. გამოიყენება კვირტების გამოჩენამდე.

კალიუმი – პრიმულას ყვავილებს ინტენსიურ შეფერილობას აძლევს, ასევე მატებს მას დაავადების მიმართ გამძლეობას ყვავილობის პერიოდში.

პრიმულას კვებაში  პერიოდულად გამოიყენება რკინისა და მაგნიუმის  შემცველი თხევადი სასუქები, რათა თავიდან ავიცილოთ ფოთლის ქლოროზი.

აზოტიანი სასუქებიდან  პრიმულას შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურია  ამონიუმის ფორმის სასუქები:

ამონიუმის ნიტრატი (გვარჯილა) – იგი ერთ-ერთი სწრაფმოქმედი  საშუალებაა. ის ხელს უწყობს ფოთლის სწრაფ ზრდას და მცენარის გაძლიერებას ვეგეტაციის დასაწყისში.

გამოიყენება: ადრე გაზაფხულზე, როდესაც მცენარე  იწყებს გაღვიძებას დოზირება: 10-15 გრამი 10ლ. წყალში .

ამონიუმის სულფატი – ეს სასუქი განსაკუთრებით  სასარგებლოა  პრიმულასათვის, რადგან  მასში შემავალი გოგირდი  აუმჯობესებს  აზოტის ათვისებას  და ოდნავ ამჟავებს ნიადაგს( პრიმულას უყვარს  სუსტად მჟავე გარემო).

გამოიყენება: თუ ნიადაგი ტუტეა  ან მცენარეს ფოთლები უყვითლდება (ქლოროზის ნიშანი).

მნიშვნელოვანი შენიშვნა: მოერიდეთ აზოტის  ჭარბ დოზას   ყვავილობის ფაზაში, რადგან მან შესაძლებელია გამოიწვიოს  ფოთლების ძლიერი ზრდა  ყვავილების ხარჯზე.

პრიმულასათვის მხოლოდ აზოტი  საკმარისი არ არის . უხვი ყვავილობისათვის მას ესაჭიროება  ფოსფორი და კალიუმი.

პრიმულას იდეალური კვების სქემა ასეთია:

გაზაფხულის  დასაწყისში გამოიყენეთ  ამონიმუმის ნიტრატი  ან სულფატი მწვანე მასისათვის , ხოლო ყვავილობის წინ გადადით ფოსფორ  კალიუმიანი სასუქის  გამოყენებაზე.

სასუქების გამოყენების წესები:

არასოდეს დაასხათ  სასუქიანი  წყალი  მშრალ ნიადაგს . ამან შეიძლება დააზიანოს ნაზი ფესვები. ჯერ მორწეთ მცენარე  ჩვეულებრივი წყლით და მხოლოდ  ამის  შემდეგ  გამოიყენეთ სასუქი.

კონცენტრაცია: პრიმულას აქვს  ძალიან მგრძნობიარე  ფესვთა სისტემა . უმჯობესია  გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული  დოზის ნახევარი, მაგრამ უფრო ხშირად (10-14  დღეში ერთხელ).

მოვლა და გადარგვა

პრიმულას დამჭკნარი ყვავილები აუცილებლად  მოაშორეთ, ეს ახალ ყვავილებს წაახალისებს. გამხმარი ფოთლები  მოაჭერით. გადარგვა  რეკომენდირებულია  ყოველ  2-3 წელიწადში  ერთხელ ყვავილობის შემდეგ.

გამრავლება

პრიმულას გამრავლება შეგიძლიათ: ბუჩქის დაყოფით (ყველაზე მარტივი გზა)  ტარდება  ყვავილობის  დასრულების შემდეგ. ფესვთა სისტემა  ფრთხილად იყოფა  რამდენიმე ნაწილად.

თესლით გამრავლება – ითესება  შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. საჭიროებს  გრილ პირობებს. აღმოცენება ხდება  2-3 კვირაში.

მავნებელ დაავადებები

მავნებლებიდან პრიმულას  შეიძლება გაუჩნდეს: ბუგრი,  ტკიპა, ფრთათეთრა . პროფილაქტიკა: კარგი ვენტილაცია. ფოთლების პერიოდულად შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში ინსექტიციდის გამოყენება.

დაავადებებიდან  ყველაზე გაცრცელებული პრობლემაა: ფესვის ლპობა (ჭარბი მორწვა), ნაცარი, სოკოვანი ლაქიანობა. პრევენცია: ნიადაგის დრენაჟი, ზომიერი მორწვა, ჰაერის ცირკულაცია.

 პრიმულ ბაღში თუ ქოთანში ?

პრიმულა  მშვენივრად ხარობს ორივე გარემოში. იდეალურია კლდოვან  ბაღებში. კარგად ეხამება  ტიტებს და ნარცისებს.

ქოთანში ხშირად იყენებენ  როგორც  სეზონურ დეკორაციას. ყვავილობის შემდეგ  შესაძლებელია ბაღში გადარგვა  და მომდევნო  გაზაფხულსაც  ისევ გაგახარებთ.

დასასრულს პრიმულა არის  პატარა, მაგრამ  საოცრად ეფექტური ყვავილი, რომელიც გაზაფხულის  ენერგიას  თქვენს  სახლში  შემოიტანს. სწორი მოვლის  შემთხვევაში  ის დიდხანს და  უხვად ყვავილობს.

მარტი 6, 2026

პრიმულა ანუ ფურისულა