სს „რუსთავის აზოტი“ ეხმაურება კომპანიაში დასაქმებულთა ნაწილის მიერ წამოწყებულ გაფიცვას, რომლის მთავარ მოთხოვნასაც წარმოადგენს დასაქმებულთა ხელფასების გაზრდა.
დასაწყისში გვსურს აღვნიშნოთ, რომ სს „რუსთავის აზოტი“ რეგულურად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამის შედეგია ის რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ყოველწლიურად ხორციელდებოდა თანამშრომელთა ხელფასების ზრდა.
აღნიშნული პრაქტიკის გაგრძელების მიზნით, მიუხედავად კომპანიის წინაშე არსებული რთული ფინანსური მდგომარეობისა და უამრავი გამოწვევისა, კომპანიამ 2026 წელსაც მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესების თაობაზე, რის ფარგლებშიც დასაქმებულთათვის შეთავაზებული იქნა შემდეგი პირობები:
- ხელფასების გაზრდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებული 2025 წლის საშუალო ინფლაციის მაჩვენებლით (რაც გულისხმობს თითოეული თანამშრომლისათვის 100 ლარით (ხელზე ასაღები) ხელფასის მატებას).
- დასაქმებულთა ნაწილისთვის 25%-იანი პრემიალური დანამატის შეტანა ძირითად სახელფასო სარგოში.
- გვარჯილის საამქროში დასაქმებულ შემფუთველთათვის უხარისხო ტომრების ამოღება და ხარისხიანი ტომრებით ჩანაცვლება.
- საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში ასევე შეჯერებული იქნა რომ თებერვლის თვეში შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი რომელიც იმსჯელებს სხვადასხვა აქტუალური საკითხის გონივრულ ვადებში მოგვარებაზე.
კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დასაქმებულთათვის ასევე არაერთგზის იქნა განმარტებული რომ ნებისმიერი გაფიცვა განხორციელებული უნდა ყოფილიყო კანონით დაშვებული წესით. მიუხედავად ამისა დასაქმებულთა ნაწილმა უარი განაცხადა კომპანიის მიერ განხორციელებული შეთავაზების მიღებაზე და მიმართა გაფიცვის ისეთ ფორმას, რომელიც ცდება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს.
გვსურს ასევე განვაცხადოთ რომ უკანონო გაფიცვის ფარგლებში ფიქსირდება გაფიცულთა მხრიდან საწარმოს შესასვლელის ბლოკირება და სხვა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ძალადობრივად ხელის შეშლა, რასთან დაკავშირებითაც კომპანია მიმართავს შესაბამის ორგანოებს შესაბამისი პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სათანადო რეაგირების განხორციელებისათვის.
კომპანია მზად არის საწარმოს საქმიანობის განახლებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე წარმოების პროცესის აღდგენა ვერ ხერხდება დასაქმებულთა არასაკმარისი რაოდენობის გამო.
სს „რუსთავის აზოტი“ იხელმძღვანელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას უკანონო გაფიცვის შედეგად მიყენებულ ზიანზე და ყველა მის თანმდევ შედეგზე.