აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე
ბაღჩეული კულტურები: საზამთრო, ნესვი და გოგრა სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეებია. მათ გააჩნიათ ღრმად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელიც 1-2 მეტრის სიღრმემდე ჩადის ნიადაგში, სიგანეში 2-3 მეტრიდან 5-7 მეტრამდე ვრცელდება. ყველაზე მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს გოგრას, შემდეგ მოდის საზამთრო, შედარებით სუსტად განვითარებული ფესვები გააჩნია ნესვს. მათი გვერდითი ფესვები ძირითადად სახნავ ფენაში ვრცელდება. მესამე და მეოთხე რიგის გვერდით ფესვების ჩონჩხის ნაწილზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობით წყლისა და საკვები ელემენტების შემთვისებელი 5-7 სმ სიგრძის ფესვები.
ბაღჩეული კულტურების მძლავრად განვითარებულ ფესვთა სისტემას წყლის და საკვები ელემენტების საკმაოდ კარგი შეთვისების უნარი გააჩნია. მათი ზრდა უსწრებს მიწისზედა ორგანოების განვითარებას. მძლავრი ფესვთა სისტემის წყალობით ბაღჩეული გამოირჩევა გვალვაგამძლეობით, მაგრამ მათი ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია ტენით საკმარისი უზრუნველყოფა, რისთვისას საჭიროების შემთხვევაში აწარმოებენ მორწყვას. ბაღჩეულიდან ტენისადმი ყველაზე მაღალი მოთხოვნილებით გამოიჩევა გოგრა.
ბაღჩეული კულტურები კარგად ხარობს ჰუმუსით მდიდარ მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებზე. ყველაზე მაღალ მოთხოვნილებას ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ აყენებს ნესვი.
ბაღჩეული, ისე როგორც ყველა ნაყოფის მომცემი ბოსტნეული, საჭიროებს ნიადაგში ფოსფორისა და კალიუმის გადიდებულ შემცველობას, რაც ხელს უწყობს ნაყოფის მომწიფების დაჩქარებას და შაქრების რაოდენობის გადიდებას. ამასთან ერთად კ ა ლ ი უ მ ი ხელს უწყობს მთავარ ყლორტში მდედრობითი ყვავილების ნაადრევ ფორმირებას და მსხმოიარობის დაჩქარებას.
ა ზ ო ტ ი აუცილებელია ამ კულტურის მძლავრი ზრდა- განვითარებისათვის, მაგრამ ხშირად მისი ნორმის გადიდება განაპირობებს ნაყოფში ნიტრატების ჭარბად დაგროვებას, რაც საშიშროებას უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯამრთელობას. ამიტომ გასათვალისწინებელია სასუქის მიწოდების ნორმები.
ბაღჩეული კულტურების ქვეშ შესატანი საკვები ელემენტების ნორმები დამოკიდებულია ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, წინამორბედ კულტურაზე, მინერალური სასუქის ფორმებზე, ნორმებსა და სხვა ფაქტორებზე. საკვები ელემენტების ნორმების გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებულ მათ ნაყოფებში ნიტრატების დაგროვების და გარემოს დაბინძურების საშიშროება.
ბაღჩეული კულტურებისათვის საუკეთესოა ორგანული სასუქები. მათი ოპტიმალური ნორმით შეტანა მაღალხარისხოვან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების გარანტიას იძლევა. ორგანული სასუქებიდან გამოიყენება კარგად გადამწვარი ნაკელი, ნეშომპალა, ბიოკომპოსტები და ბიოჰუმუსი. ბიოჰუმუსის ოპტიმალური ნორმა 10-15 ტ/ჰა ანუ 1,0-1,5 კგ მ2 -ზე. ღორის ნაკელის გამოყენება აუარესებს მათ გემურ თვისებებს, ამცირებს დაავადებათა მიმართ გამძლეობას. ამ კულტურების ქვშ ნაკელი შეიტანება შემოდგომით ნიადაგის მოხვნის წინ. ზოგიერთ შემთხვევაში ორგანული სასუქის ეკონომიის მიზნით, მათ გამოყენებას აწარმოებენ ბაღჩეულის მწკრივში ან ბუდნაში. ორგანული სასუქების ნორმა 3-4 კგ შეადგენს მ2-ზე. მინერალურ სასუქებთან ერთად შტანისას, მათი ნორმა შეიძლება შემცირდეს 2-3 კგ/მ2-მდე, ანუ 20-30 ტონა ჰა-ზე.
ორგანული სასუქების გამოყენება მაქსიმალურ ეფექტს იძლევა მინერალურ სასუქებთან შეთანაწყობილი გამოყენებისას. მათი ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქების ნორმების ორჯერ შემცირება, რომელთა ეფექტი განსაკუთრებით მაღალია სარწყავ პირობებში.
ბაღჩეული კულტურების გასანოყიერებლად საუკეთესო შედეგი მიიღება კომლექსური სასუქების ადრე გაზაფხულზე კულტივაციის წინ შეტანისას .
თუ ბაღჩეული კულტურების მოყვანისას წინა წლებში შემჩნეული იქნა რომელიმე მიკროელემენტის სიმცირე ან დეფიციტი, შემდგომ წლებში აუცილებელია ნიადაგში მიკროელემენტებიანი სასუქების შეტანა.
ბაღჩეული კულტურების მოსავალი
საშუალო მოსავლად ითვლება :
საზამთრო: 25-35 ტ/ჰა
ნესვი: 20-30 ტ/ჰა
გოგრა: 20-30 ტ/ჰა
კარგ მოსვლად ითვლება:
საზამთრო: 50-60 ტ/ჰა
ნესვი: 40-45ტ/ჰა
გოგრა: 40 ტ/ჰა
საერთო მოთხოვნილება მკვებავ ელემენტებზე:
N –80 -120 კგ/ჰა
P2O5—80-100 კგ/ჰა
K2O 100-150 კგ/ჰა
სასუქების შეტანა
- ნიადაგის მომზადება: დარგვამდე 1-2 კვირით ადრე, ძირითად განოყიერებაში კომპლექსური სასუქის შეტანა, სასუქის NPK 8-20-25 გამოსაყენებელი დოზაა ფიზიკური წონით 250-300 კგ/ჰა (თუ მცენარის სწრაფი ზრდა და მწვანე მასა გვინდა, მაშინ NPK 15-15-15 გამოყენება უფრო სწრაფი ეფექტის მქონეა, მაგრამ თუ ფესვის განვითარება და ნაყოფის ხარისხი გვინდა, მაშინ 8-20-25 უნდა შევიტანოთ).
- მცენარეების ვეგეტაციის დროს – ზრდის ფაზაში:
ამონიუმის გვარჯილის 2 ჯერ შეტანა :
პ ი რ ვ ე ლ ი ვეგეტაციის დასაწყისში 80-100 კგ/ჰა
ყ ვ ა ვ ი ლ ო ბ ი ს წინ 50-80 კგ/ჰა
- ნაყოფის ფორმირებისა და ზრდის ფაზაში შეიტანება:
კალიუმის სულფატი, იგი უზრუნველყოფს ხარისხიან ნაყოფს, შეიტანება 100-120 კგ. გაყოფილი 2 ზე, უკეთესია მორწყვით შეტანა .
თუ არის წვეთოვანი მორწყვა, სასურველია ამონიუმის გვარჯილა და კალიუმის სულფატი შევიტანოთ ფერტიგაციით (კვება და მორწყვა ერთად), ამ დროს გამოიყენება სასუქების 0,2 % – იანი ხსნარი.
გ ო გ რ ი ს განოყიერებაში აზოტის დოზას ვამცირებთ , ბევრი ფოთოლი რომ არ გამოიტანოს.
კ ა ლ ი უ მ ის გამოყენება ნესვში და საზამთროში გვაძლევს ტკბილ ნაყოფს.
ბაღჩეული კულტურების დარგვის სიხშირე:
დარგვის სიხშირე ღია გრუნტში ჰექტარზე:
ს ა ზ ა მ თ რ ო და ნ ე ს ვ ი:
რიგებს შორის მანძილი 2,0-2,5 მერტი.
მცენარეებს შორის რიგში 1,0-1,25 მეტრი.
საშუალო დარგვის სიხშირე 4 000 ძირი/ჰა.
თუ რიგებს შორის დაშორება 1,5-2,0 მეტრია, ხოლო მცენარეებს შორის 0,8-1 მ, მაშინ დარგვის სიხშირე 6 000 ძირი /ჰა ( ზოგჯერ ინტენსიურ შემთხვევაში 7 000-მდეც შესაძლებელია).
გ ო გ რ ა:
რიგებს შორის 1,5-2 მეტრი.
მცენარეებს შორის 1-1,5 მ
დარგვის სიხშირე 3 000-5 000 ძირი/ჰა.
მავნებელ – დაავადებები:
საზამთრო, ნესვი და გოგრა მიეკუთვნება ბაღჩეულ კულტურებს (Cucurbitaceae), ამიტომ ხშირად საერთო მავნებლები და დაავადებები აზიანებს
დაავადებები:
- ფესვის სიდამპლე( pythium,Fusarium) მცენარის ჭკნობა , ფესვის ლპობა;
თუ თვალსაჩინოა ფუზარიოზული ჭკნობა (100 მცენარიდან აღენიშნება 4-10 მცენარეს, მაშინ მცენარის ძირებთან შეიტანება სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც იცავს მცენარეს ფესვთა სიდამპლისაგან.
- ნაცარი ( Oidium Peronospora) — ფოთოლზე თეთრი ან მოლურჯო ფერის ლაქები.
3. ანთრაქნოზი( Colletotrichum)—მუქი ლაქები ფოთლებსა და ნაყოფზე.
4. ბაქტერიული სიდამპლე-ღეროზე სითხის და ლორწოს გამოყოფა , ცუდი სუნი.
5. მოზაიკა ( ვირუსული)-დეფორმირებული ფოთლები, მოყვითალო მოშავო ფერის.
მავნებლები:
- ბუგრი, – ფოთოლი წებოვანი ხდება.
- თრიფსი, – ფოთლის და ყვავილის დაზიანება
- ბაღჩის ჭია( Melon worm), – ღრღნის ფოთოლს და ნაყოფს
დაავადებეების წამლობა იწყება კინტაქტური ფუნგიციდებით, მაგრამ თუ დაავადება გაგვექცა, მაშინ გადავდივართ სისტემურ პრეპატარებზე. მავნებლების წინააღმდეგ ვიყენებთ ინსექტიციდებს.
ზოგიერთი რჩევები საზამთროს მოსაყვანად:
- საზამთროსათვის აუცილებელია ნიადაგის ღრმად მოხვნა 27-30 სმ სიღრმეზე. რაც უქმნის კარგ პირობას ფესვთა სისტემის განვითარებას.
- საზამთრო მოდის კარგი სტრუქტურის, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე.
- საზამთროსათვის კარგ წინამორბედად ითვლება მრავალწლიანი ბალახი, საშემოდგომო ხორბალი, სიმინდი და ერთწლიანი მარცვლოვნები. არ შეიძლება მოვიყვანოთ საზამთრო კარტოფილის, ბადრიჯნის, პომიდორის, თამბაქოს და გოგროვანთა ოჯახის შემდეგ.
- იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ფუზარიოზი და სხვა პათოლოგიები, მკაცრად უნდა დავიცვათ წესი , რომ საზამთრო უნდა დაუბრუნდეს თავის ნაკვეთს 3-4 წლის შემდეგ.
- არ არის რეკომენდირებული საზამთროს გასანოყიერებლად ახალი ნაკელის შეტანა, რადგან ის აუარესებს მის გემურ თვისებებს.
- ეფექტურია საზამთროს გადარგვა თესვასთან შედარებით, რადგან ამ დროს საზამთროს მოსავალს 10-12 დღით ადრე ვღებულობთ.
- საზამთროს ზრდა-განვითარებისათვის სასურველი ტემპერატურა 25-30 გრადუს ცელსიუსია.
- სავეგეტაციო პერიოდში საზამთროს 2-3 ჯერ უფხვიერებენ ნიადაგს. კულტივაციას ატარებენ 8-10 სმ სიღრმეზე.
- ტენის მიმართ კრიტიკული პერიოდი დგება ყვავილობიდან მასიურ ნაყოფმსხმოიარობამდე. მცენარისთვის მორწყვა აუცილებელია 5-7 ფოთლის ფაზაში, ყვავილობის დაწყების წინ. ნაყოფის გამოჩენის პერიოდში. რწვას წყვეტენ მოსავლის წინ, რადგან საზამთროს ხარისხზე ცუდად მოქმედებს.
- მცენარეთა შორის უნდა დავიცვათ სავალი მანძილი. ნაკლები ტენიანობა, -ნაკლები სოკო.
- მორწყვის თავიდან აცილება ღამით, ან ზედმეტად – თავიდან აგვაცილებთ ფესვის ლპობას.
- წამლობა მავნებელ-დაავადებებზე ვეგეტაციის განმავლობაში ჩავატაროთ 10-14 დღეში ერთხელ.