აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე
კოინდარი ბალახოვანი მრავალწლოვანი მცენარეა, გამოიყენება ეზოს გამწვანებისთვის, საქონლის საკვებად. კოინდარი შეიძლება დაითესოს ან შეიძლება დაიგოს რულონური ფორმით. დანიშნულების მიხედვით კოინდარი ორ ჯგუფად იყოფა: დეკორაციული და სპორტული.
კოინდარი ხშირად ითესება ან სუფთა სახით, ან ბალახთა ნარევში. უმჯობესია 2 – 4 კულტურის ნარევი, რადგან ბალახის განვითარებისას, რომელიმეს დაღუპვის შემთხვევაში, ერთი ავსებს მეორეს და მწვანე საფარი სახეს ხანგრძლივად ინარჩუნებს. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ბალახთა ნარევი, რომელიც მწვანე საფარად გამოიყენება კლიმატური პირობების გამო განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი:
მწვანე საფარის შესაქმნელად გამოიყენება შემდეგი მრავალწლიანი მარცვლოვნები:
კოინდარი (Lolium perenne) ძირითადი კომპონენტი.
ფესტუკა (Festuca arundinacea) განსაკუთრებით ამტანი გვალვაზე.
პუა (poa pratensis) ამტანი დაბალი ჭრის მიმართ.
შესაძლებელია მცირე ტრიტიკალეს და გარლიკის გამოყენება, თუ თივისთვის ითესება.
დ ა ს ა ვ ლ ე თ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი:
კვლავ: კოინდარი + ფესტუკა
დამატებით შესაძლებელია
რაიგრასი(Annual ryegrass) სწრფად აღმოცენებადი.
AGF ის კომბინაციები, რომელიც ნოტიო კლიმატს იტანს.
თუ მწვანე საფარი დ ე კ ო რ ა ც ი უ ლ ი ა , მაშინ მეტი კოინდარი და პუა – მჭიდრო ღია მწვანე ბალახი.
თუ მწვანე საფარი ს პ ო რ ტ უ ლ ი ა (და სარბენი) მაშინ კოინდართან ერთად ფესტუკა და პუა სიძლიერის გამო.
საქართველოში მწვანე საფარის აღსანიშნავად სიტყვა „მოლი“ გამოიყენება და იგულისხმება მწვანე ბალახი, მაგრამ კოინდარი როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს კონკრეტული მრავალწლიანი მარცვლოვანი მცენარეა.
კოინდრის თესვა
კოინდრის თესვის საუკეთესო დროა მარტი, აპრილი ან გვიანი შემოდგომა. მისი ჩათესვის სიღრმე 3 სმ. კოინდრის თესვის წინ ნიადაგის ზედაპირი მოსწორებული უნდა იყოს და სარეველებისაგან თავისუფალი. დათესვის წინ უნდა შეიტანოთ სასუქი ნიადაგის გასანოყიერებლად. თესვის ნორმა 1მ2 ფართობზე 40 – 50 გრამი. მისი დათესვის შემდეგ ნიადაგი მსუბუქად უნდა მოიტკეპნოს, რათა თესლი შეხებაში იყოს ნიადაგთან. თუ ბევრი ჭიანჭველაა, – მაშინ საჭიროა ქიმიური საშუალების გამოყენება. შესაძლებელია საჭირო გახდეს ნათესზე მცირე რაოდენობით ნიადაგის მოყრა. ნათესის მორწყვა მალევე უნდა მოხდეს. სასურველია დაწვიმებით მორწყვა, დიდი ჭავლით მორწყვა არ შეიძლება , იგი უნდა გავდეს ბუნებრივ მორწყვას. თესლი და ნიადაგი უნდა დასველდეს კარგად. ნათესი ირწყვება დღეში ორჯერ: დილა – საღამოს, ისე რომ ნიადაგი თესლის აღმოცენებამდე სველი უნდა იყოს. თესლი დაახლოებით 10 – 12 დღეში აღმოცენდება და ახალი ნაზარდი იქნება. კოინდრის გათიბვა მოხდება, როდესაც ყლორტი 10 – 12 სმ სიმაღლისაა, თუ ბალახი გაიზრდება იგი უხეშია, ფოთოლი მაგრდება, ბაცდება, ძველი ყლორტიდან თანდათან ცვივა ქვედა შეყვითლებული ფოთლები. ყლორტის ქვედა ნაწილი შიშვლდება და ღეროები იწყებს ყვავილობას. კოინდარი ყოველ 12 – 15 დღეში უნდა გაითიბოს. მონათიბი ბალახი კი ავიღოთ მაშინვე, რადგან საღი ბალახი არ გაყვითლდეს.
მარცვლოვანი ბალახები კარგად იზრდებიან სუსტ მჟავე ნიადაგზე, რომლის pH 5,5-5,8 ინტერვალშია. იგი ნაკლებად გამძლეა ბალახნარში, მათი ამოვარდნა ბალახნარიდან და იქ ფართეფოთლიანი (ანუ ორლებლიანი) მცენარეების განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს მოყინვამ, ჭარბტენიანობამ, აღმონაცენის ჩახურებამ, ნიადაგის ტუტე არეს რეაქციამ , ფოსფორ – კალიუმიანი და აზოტიანი სასუქების არასწორი ნორმის გამოყენებამ. მარცვლოვან ბალახებს გააჩნიათ უფრო კარგად განვითარებული ფუნჯა ფესვთა სისტემა, ვიდრე პარკოსან ბალახებს (ფართეფოთლიანი ანუ ორლენლიანები), ამიტომ აზოტოვანი სასუქების შეტანისას, რომელთა სიმცირე უპირატესად აფერხებს ბალახნარში მარცვლოვნების განვითარებას, ისინი იწყებენ აქტიურ ზრდას, რადგან მათი ფესვთა სისტემა უკეთ ითვისებს ნიადაგში არსებულ ფოსფორს და კალიუმს. თავის მხრივ ფოსფორითა და კალიუმით ნორმალური კვება ხელს უწყობს ბალახების ყინვისა და ჭარბტენიანობის მიმართ გამძლეობის გადიდებას.
დეკორაციული / სპორტული კოინდრის თესვის დროს განოყიერება
გაზაფხულზე ზრდის სტიმულაციისათვის ბალახების თესვის წინ შევიტანოთ კომპლექსური სასუქი NPK 15-15-15, მისი გამოსაყენებელი ნორმაა 250-300 კგ/ჰა (25-30 გრ/მ2), ან NPK 8-20-25 300-350 კგ/ჰა, თუ ფოსფორისა და კალიუმის საჭიროება მეტია. შეტანის ოპტიმალური პერიოდია მაის-ივნისი.
გ ა მ ო კ ვ ე ბ ა
გამოკვება ტარდება აზოტოვანი სასუქით, ამონიუმის გვარჯილით, ან ამონიუმის სულფატით.
ა მ ო ნ ი უ მ ი ს გ ვ ა რ ჯ ი ლ ა NH4 NO3
შეიცავს, როგორც ამიაკური, ისე ნიტრატული ფორმის აზოტს. სწრაფი მოქმედებისაა. ფოთლიდან შეუძლია მოხვდეს მცენარეში საკმაოდ სწრაფად, მაგრამ ფოთლის დაწვის რისკი მაღალია. განსაკუთრებით მზეზე შეტანისას და მაღალი კონცენტრაციით გამოყენებისას.
ა მ ო ნ ი უ მ ი ს ს უ ლ ფ ა ტ ი ( NH4 )2 SO4 .
შედარებით ნელა მოქმედებს, არ შეიცავს ნიტრატულ აზოტს. მასში შედის გოგირდი, რომელიც ბალახისთვის სასარგებლოა, რადგან ცილების სინთეზში მონაწილეობს.
ფოთლიდან შეტანისას დაწვის რისკი შედარებით დაბალია. განსაკუთრებით თუ სასუქის შესატანი დოზა სწორედ არის შერჩეული. უსაფრთხოა მისი ღრუბლიან ამინდში, ან საღამოს საათებში შეტანა.
როგორც ავღნიშნეთ, მარცვლოვანი ბალახნარის განვითარებისთვის სასურველია pH 5,5-5,8 (სუსტი მჟავე) ინტერვალში იყოს. საქართველოში ასეთი ნიადაგები ძალიან ცოტაა, მთელ აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგის არეს რეაქცია სუსტი ტუტე ან საშუალო ტუტეა, ამიტომ ამ ნიადაგებზე დათესილ ან დაფენილ მარცლოვან ბალახნარს ესაჭიროება არეს რეაქციის შეცვლა მჟავა მიმართულებით. ეს იმისათვის, რომ ბალახმა შეძლოს ნიადაგში არსებული საკვების კარგად გამოყენება. ნიადაგის არეს რეაქციის ტუტიდან მჟავე მიმართულებით ნელ-ნელა შესაცვლელად ამონიუმის სულფატის სასუქად გამოყენება საუკეთესო და შეიძლება ითქვას ერთადერთი საშუალებაა.
დ ა ს კ ვ ნ ა
სასურველი და უფრო მოსახერხებელია კოინდრის გამოკვება ჩავატაროთ ამონიუმის სულფატით. გამოკვება ჩავატაროთ ფოთლიდან, ე.ი. ბალახის გაკრეჭვის შემდეგ უნდა შევიტანოთ ამონიუმის სულფატის 0,5 % – იანი ხსნარი ანუ 500 გრამი ამონიუმის სულფატი (ფიზიკური წონით) უნდა გავხსნათ 100 ლ წყალში და ისე მოვასხათ ბალახს.
- აზოტით გამოკვება აუცილებლად უნდა ჩატარდეს ადრე დილით ან საღამოს. რათა სიცხის დროს ხსნარის კონცენტრაცია არ გაიზარდოს. მისი გამოყენებისას კარგია წვიმა ან მორწყვა.
- თუ მარცვლოვან ბალახნარში გამოგვერია ფართეფოთლიანი (ანუ ორლებლიანი მრავალწლიანი ბალახი), მის მოსაცილებლად უნდა ჩავატაროთ წამლობა. იმ შემთხვაში, თუ ნათესის სისუფთავე გვინდა. (ე.ი. არ გქონდეთ მარცვლოვან ბალახში ფართეფოთლიანი ანუ ორლებნიანი ბალახი) უნდა შევიტანოთ ჰერბიციდი 2,4 დიმეთილამინის მარილი, მისი გამოსაყენებელი დოზაა 1 ლიტრი ჰერბიციდი გახსნილი 200 ლიტრ წყალში (დაახლოებით ერთ ჰექტარზე).
სანამ ჰერბიციდს მთელ ფართობზე გამოიყენებთ, წინა დღეს აუცილებლად უნდა გამოიცადოს ერთ მეტრ კვადრატზე, დააკვირდით და მეორე დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ.