კიტრის განოყიერების სისტემა

მთავარი / სიახლეები

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე

კიტრი სინათლის მოყვარული, მოკლე დღის მცენარეა. მიუხედავად ამისა, ვერ იტანს მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას. ამიტომ მას თესენ სიმინდის კულისებშიც, ვენახის ან ხეხილის ბაღის მწკრივშიც. ის მაღალ მოთხოვნას უყენებს ნიადაგის ტენიანობას, განსაკუთრებით ნაყოფების დამსხვილების ფაზაში.

კიტრის ფესვთა სისტემა ძლიერ დატოტვილია და ვითარდება ნიადაგის ზედაპირულ ფენაში. მას საკვები ელემენტების ბევრად უფრო ნაკლები შეთვისების უნარი გააჩნია, ვიდრე პომიდორს. ამიტომ, კიტრი  ყველაზე უფრო ნაყოფიერ და კარგი ფიზიკური თვისებების მქონე  მსუბუქ – თიხნარ  ნიადაგს მოითხოვს თავისი ზრდა-განვითარებისათვის. კიტრისთვის ნიადაგის ოპტიმალური არეს რეაქცია pH 6,4 – 7,5 შეადგენს. ის კარგად რეაგირებს კირის შეტანაზე როგორც ძლიერ მჟავე, ისე მჟავე არეს რეაქციის ნიადაგებზე.

კიტრისთვის ყველაზე ოპტიმალური ნიადაგის ხსნარის  კონცენტრაცია ბუნებრივ პირობებში 0,02-0,2 % – ის ფარგლებში  მერყეობს. ამიტომ, მის ქვეშ სასუქების მაღალი ნორმების ერთჯერადი შეტანა არაა რეკომენდირებული, რადგან ის იწვევს ახალგაზრდა მცენარის დაჩაგვრას.

ა ზ ო ტ ი – აზოტით ხანგრძლივი შიმშილის დროს, ქვედა ფოთლებში იშლება  ქლოროფილი და ჩნდება ყვითელი პიგმენტები, რომლებიც ადრე შენიღბული იყო ქლოროფილით. შემდგომში ქლოროზით დაავადებული  ქსოვილები იწყებენ ხმობას. იღუპება ყვავილების და ნასკვების დიდი რაოდენობა. რჩება მხოლოდ მცირე  რაოდენობით პატარა ზომის ღია მწვანე შეფერილობის ნაყოფები, რომლებიც ნაადრევად მწიფდებიან. ღერო წვრილი, მაგარი და ბოჭკოვანია.

აზოტით ჭარბი კვება იწვევს ვეგეტატიური ორგანოების  გაძლიერებულ ზრდას  და ნაყოფმსხმოიარობის შემცირებას. ფოთლის კიდეების მთელ გარშემოწერილობაზე  თავდაპირველად ჩნდება ყვითელი, ვიწრო, 3-4 მმ-ის სიგანის ზოლი, რომელიც შემდგომში  ხმება და თანდათან ვრცელდება ფოთლის ფირფიტის შუაგულისაკენ. ფოთლის წვერი და კიდეები ეხვევა ქვემოთ. ამ შემთხვევაში კიტრი ივითარებს მცირე რაოდენობით  დეფორმირებულ, ნიტრატებით დაბინძურებულ ნაყოფებს, რომელთაც არავითარი სასაქონლო ღირებულება არ გააჩნია.

ფ ო ს ფ ო რ ი – ფოსფორის დეფიციტის დასაწყისში, მობერებული ქვედა იარუსის ფოთლები იღებენ მუქმწვანე, ან მოწითალო შეფერილობას. ფოსფორით შიმშილის დროს ადგილი აქვს გვერდითი  განტოტვის წარმოქმნის შემცირებას, რომლებზეც ძირითადად მსხმოიარობს კიტრი, გვიანდება ყვავილობა და ნაყოფის შემოსვლა. განვითარებული ნაყოფები მცირე ზომის და მუქი მწვანე შეფერილობისაა, მათში გაზრდილია ნიტრატული აზოტის შემცველობა. ფოსფორით ჭარბი კვება აჩქარებს განვითარების ფაზების გავლას და ნაყოფის შემოსვლას.

კ ა ლ ი უ მ ი – კალიუმის  სიმცირე აფერხებს ცილების სინთეზს და აძლიერებს მათ დაშლას, რის გამოც ნაყოფებში გროვდება არაცილოვანი ნიტრატული აზოტის  საკმაოდ  დიდი რაოდენობა, მცირდება სოკოვან დაავადებათა  მიმართ  გამძლეობა. კალიუმის ძლიერი სიმცირის დროს , მცენარე  დაკნინებულია  და ავადდება ფოთლის „კიდეების სიდამწვრით“. წარმოქმნილი ნაყოფი წვრილია. ამ ელემენტის სიჭარბის ნიშნების გარეგნული სიმპტომები ხშირ შემთხვევაში მისი სიმცირის ანალოგიურია.

კ ა ლ ც ი უ მ ი – ამ ელემენტის დეფიციტის შემთხვევაში ზედა ფოთლების ფირფიტის ძარღვთაშორისებში წარმოიქმნება მოთეთრო შეფერილობის ლაქები, რომლებიც თანდათან  ფართოვდებიან და მთელ ფირფიტას იკავებენ. შეინიშნება  აგრეთვე ფოთლის წვერისა და კიდეების ხმობა. ამასთან, ადგილი  აქვს ფოთლის უჯრედის  კედლის გათხელებას, დაავადებული ქსოვილების გალორწოვნებას და ფოთლების ერთმანეთთან შეწებებას. ნიადაგში კალციუმის სიჭარბე იწვევს მთელი მცენარის  და ნაყოფის სწრაფ დაბერებას.

მ ა გ ნ ი უ მ ი – მაგნიუმის სიმცირე ამუხრუჭებს  აზოტის შემცველი ორგანული შენაერთების, მათ შორის ქლოროფილის სინთეზსაც, რის გამოც კიტრის ქვედა ფოთლები ავადდება ქლოროზით. დაავადებული ფოთლის ქსოვილები  მყიფეა, მალე ხმება  და ცვივა, განვითარებული ნაყოფი მცირე ზომისაა. მაგნიუმით ჭარბი კვება აფერხებს მცენარეში  კალციუმისა და კალიუმის   შესვლას.

ბ ო რ ი – ბორის ძლიერი დეფიციტისას ,  ღეროსა და ბუსუსა ფესვების ზრდის წერტილები  და ზედა კვირტები ხმებ, ძლიერდება ყვავილცვენა. ნაყოფებს აქვს დეფორმირებული ფორმა და  დაზიანების ნიშნები.

ბორის სიჭარბის სიმპტომები კიტრის ფოთოლზე აზოტის სიჭარბის  ანალოგიურია.

მ ა ნ გ ა ნ უ მ ი – მანგანუმის სიმცირის დროს, კიტრის ზედა იარუსის  ახალგაზრდა ფოთლები თავდაპირველად იღებენ ღია მწვანე შეფერილობას, კიდეები ყვითელ არშიას იკეთებენ, ავადდებიან ქლოროზით და ხმებიან. მანგანუმით ჭარბი კვებისას შეიმჩნევა ახალგაზრდა ფოთლების ძარღვთაშორის ქლოროზი და ხმობა.  ფოთლები დაბრეცილია, ზედაპირი დანაოჭებული.

თ უ თ ი ა – თუთიის სიმცირის დროს ვითარდება ძარღვთაშორის ქლოროზი და დაავადებული ქსოვილები ხმება. თუთიით ჭარბი კვების დროს  ვითარდება ახალგაზრდა  ფოთლების ქლოროზი, დაძარღვა იღებს იისფერ  შეფერილობას, ღეროს ზედა კვირტები ხმება, უფრო ძველი ფოთლები ჭკნება და ცვივა.

მ ო ლ ი ბ დ ე ნ ი – აუცილებელია ნიტრატების ამიაკამდე აღდგენისათვის. ამ ელემენტის ხანგრძლივი შიმშილისას მთელი ფოთოლი ავადდება ქლოროზით და სხვადასხვა შეფერილობის ლაქებით იწინწკლება. დაძარღვა რჩება მწვანე შეფერილობის. ქლოროზირებული ფოთლის ქსოვილები ამობურცულია , კიდები ზემოთ ეხვევა და ხმება.

კიტრი ნიადაგის ნაყოფიერებისადმი  ერთ – ერთი ყველაზე მაღალ მომთხოვნი კულტურაა, საკვები ელემენტების სიმცირის დროს იწყება ნასკვების  ცვენა და მისი ნაყოფი იღებს მახინჯ ფორმას.

 ზრდა – განვითარების დასაწყისში კიტრი შედარებით მცირე მოთხოვნებს უყენებს საკვებ ელემენტებს, მაღალ მოთხოვნებს -ყვავილობის, ნაყოფის ფორმირებისა  და  დამსხვილების ფაზაში. აზოტსა და ფოსფორს ეს კულტურა  ზრდა – განვითარების პირველ პერიოდში   უფრო მეტი რაოდენობით იყენებს, ხოლო  კალიუმს   ვეგეტაციის მეორე პერიოდში. 

კიტრის მოსავლის დონე  დამოკიდებულია ჯიშზე, ნიადაგის განოყიერებაზე, ამინდის პირობებზე, რწყვის რეჟიმზე, გამოყენებული სასუქების  ფორმებზე, ნორმებზე, შეტანის ვადებზე, ასევე მავნებელ – დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებზე.

კიტრის მოყვანისას,  მინერალურ და ორგანულ   სასუქებს იყენებენ ძირითად განოყიერებისას, რგვის დროს, ფესვურ და ფესვგარეშე გამოკვებისას.

ძ ი რ ი თ ა დ ი  გ ა ნ ო ყ ი ე რ ე ბ ა

მჟავე ნიადაგებზე, ძირითად განოყიერებაში ხვნის წინ, პირველ რიგში ნიადაგის მჟავიანობის შესაბამისად, შეაქვთ კირი და აწარმოებენ მის ჩაკეთებას ნიადაგში. მოკირიანების ჩატარება უმჯობესია წინამორბედი კულტურის ქვეშ. ამის შემეგ, გადარგვამდე 10 – 15 დღით ადრე, შეიტანება კარგად გადამწვარი და ნახევრად გადამწვარი ორგანული სასუქი. კიტრის განოყიერებისას, ადრე გაზაფხულზე, შეიძლება შეტანილი იქნას ნაკელი, ბიოჰუმუსი, ბიოკომპოსტი, ტორფკომპოსტები, ფრინველის ნაკელი და სხვა ორგანული სასუქები.

ორგანული სასუქის საორიენტაციო ნორმაა 30-40 ტ/ჰა.  ანუ 3-4 კგ 1მ2 -ზე. მცირე ზომის ნაკვეთზე, ყოველ 1მ2  ფართობზე დაგეგმილი უნდა იქნას  6-8 კგ. ნაკელის შეტანა, ან 1-1,5 კგ ფრინველის ნაკელი. კარგ შედეგს იძლევა 100-200 გ/მ2 ნაცრის გამოყენება.

კიტრში აუცილებელია მინერალური სასუქების შეტანაც, რაც მნიშვნელოვნად ადიდებს კიტრის ნაყოფმსხმოიარობას. ძირითად განოყიერებაში ხვნის წინ შეაქვს ფოსფორ – კალიუმიანი სასუქები. ამ სასუქების ნიადაგში შესატანი ნორმის დადგენა ხდება ნიადაგის ნაყოფიერების და მოსავლის დონის მიხედვით.

აზოტის ნაწილი შეიტანება  დარგვისწინა კულტივაციის დროს, ნაწილი გამოკვებაში. აზოტიანი  სასუქებიდან გამოიყენება  ამონიუმის გვარჯილა, ამონიუმის სულფატი ან შარდოვანა.

თუ საკვები ელემენტების შეტანა კომპლექსური სასუქებით არის გათვალისწინებული, ისიც შეიტანება დარგვისწინა კულტივაციის დროს.

 

კიტრის  განოყიერება  დარგვის  დროს  

სასუქების შეტანის ეს წესი გამოიყენება მხოლოდ დაბალი ნაყოფიერების ნიადაგებზე. კიტრის დარგვის წინ,  კვალში  შეიტანება 3-4 კგ/მ2 ნაკელი, ან თითოეულ ბუდნაში 1-2 პეშვი ბიოჰუმუსი. კარგ შედეგს იძლევა კომპლექსური სასუქის ძალიან დაბალი ნორმის შეტანა. კიტრის მოსავლიანობა შესამჩნევად იზრდება მიკროელემენტების, – ბორის, თუთიის, მანგანუმის და მოლიბდენის   გამოყენებისას.

კ ი ტ რ ი ს    გ ა მ ო კ ვ ე ბ ა

კიტრის პირველ გამოკვებას  აწარმოებენ  დარგვიდან 15 – დღის შემდეგ. ამ პერიოდში შეიტანება  აზოტიანი და კალიუმიანი   სასუქები.

განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს აზოტით კვების რეგულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული კიტრში ნიტრატების დაგროვება. თუ მცენარის კვების დიაგნოსტიკით დადგენილი იქნა ნაყოფში ნიტრატების ნორმასთან შედარებით გადიდებული რაოდენობა, მაშინ აზოტით გამოკვება უნდა გამოირიცხოს.

კიტრის მოყვანის ტექნოლოგიური სქემა  ღია გრუნტში

კიტრის   დარგვამდე    ნიადაგის დამუშავება და  კოპლექსური სასუქი 8-20-30  ფიზიკური წონით 350 კგ/ჰა  (რასაც შეესაბამება: NPK 28-70-105 სუფთა ნივთიერება) შეტანა.

ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ კომპლექსური სასუქი 15-15-15,  რომლის შესატანი რაოდენობაა ფიზიკური წონით 450 კგ/ჰა (რასაც შეესაბამება  NPK 67,5-67,5-67,5  სუფთა ნივთიერება). ეს კარგია საწყის კვებად, მაგრამ ნაკლებ აზოტს,  ფოსფორს და კალიუმს შეიცავს, ვიდრე კიტრს ჭირდება მთელი სეზონის განმავლობაში.  ფერტიგაციით აზოტის  და კალიუმის დამატება შესაძლებელია, თუ შევატყობთ ფოსფორის დეფიციტს: მცენარის  ფერის შეცვლას ან ზრდის შეჩერებას, – მაშინ წვეთოვანი სისტემით უნდა დავუმატოთ ფოსფორმჟავა( 0,2 % ხსნარი).

კიტრის  რგვის დროს სასუქის გამოყენება  საჭირო არ არის. დარგვიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყება კვება  ფერტიგაციით (ფეტრიგაცია მორწვა და კვება ერთად). წყალში ხსნადი სასუქი ამონიუმის გვარჯილა და კალიუმის სულფატი უნდა  მიეწოდოს მცენარეს კვირაში  1-2 ჯერ,  ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარის სახით, რაც ნიშნავს 0,2 % – იან ხსნარს. ე.ი. 2 კგ სასუქი გაიხსნება ერთ ტონა წყალში. მცენარის ვეგეტატიური ნაწილების ზრდისას ყურადღებას ვაქცევთ აზოტიან სასუქს (ამონიუმის გვარჯილას), ხოლო ნაყოფის ზრდის ფაზაში ძირითადი ყურადღება უნდა მივაქციოთ კალიუმს (კალიუმის სულფატს). კალიუმი  ახანგრძლივებს მოსავალს და აუმჯობესებს ხარისხს. ფერტიგაცია გაგრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში (ყვავილობა, ნაყოფის ინტენსიური ჩამოყალიბება).

ამონიუმის გვარჯილა  (აზოტი) შეიტანება 100 კგ/ჰა სუფთა ნივთიერება,  ანუ ფიზიკური წონით 294 კგ/ჰა (ჯამში).

კალიუმის სულფატი (კალიუმი) შეიტანება 80 კგ/ჰა სუფთა ნივთიერება,  ანუ  ფიზიკური წონით 160 კგ/ჰა. (ჯამში).

დავყოთ სასუქების ეს რაოდენობა  თითოეულ კვირაზე (6-8 კვირა)  და მივაწოდოთ კვირაში 1-2 ჯერ.

კიტრს ესაჭიროება მიკროელმენტები; ბორი, თუთია, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი. განსაკუთრებით ბორის ნაკლებობისას კიტრს უჭირს ყვავილობა. პატარა ზომის წარმოქმნილი  ნაყოფები ყვითლდება და ცვივა.

 

ჩითილების დარგვა და მცენარეთა შემდგომი მოვლითი სამუშაოები:

კიტრი როდესაც მოჰყავთ გარე გრუნტში, ფირით დაფარულ  შემაღლებულ კვალზე და წვეთოვანი მორწყვით (ფერტიგაციით), ამ დროს მოსავლის პოტენციალი მაღალია.

თუ ირგვება ერთ მწკრივად (ერთ რიგად), მაშინ რიგებს შორის (კვალთაშორის) დაშორება 1,2-1,5 მ – ს უნდა შეადგენდეს. მცენარეებს შორის  რიგში 30-40 სმ. ამ შემთხვევაში გამოდის 13 000—16 000 ნერგი/ჰა.

თუ ირგვება ორ მწკრივად – ორმაგი მწკრივი ერთ კვალზე. კვლებს შორის დაშორებაა 1,5 მ. მცენარეთა შორის მწკრივში 30-35 სმ. მწკრივებს შორის ერთ კვალზე 30-40 სმ. ამ სქემით ირგვება 20 000-22 000 ნერგი /ჰა.

ორმაგი მწკრივი უფრო ეფექტურია ფართის გამოყენების მხრივ. მაგრამ საჭიროებს უკეთეს ჰაერაციას (განსაკუთრებით ტენიან  გარემოში).

თუ გსურს მაღალი ხარისხის გრძელი ნაყოფი, – უნდა უზრუნველვყოთ კარგი ჰაერაცია და მორწყვა. ერთ რიგიანი სქემა უფრო უსაფრთხოა დაავადების თავიდან ასაცილებლად და შესაწამლადაც მოსახერხებელია.

საშუალოდ ერთ ძირზე ჩვეულებრივი ჯიშების მოსავალი 1,2 – 2,5 კგ          ითვლება საშუალო ნორმად, გარე გრუნტში ფირით დაფარულ და წვეთოვანი მორწყვის  მქონე ნაკვეთზე. ჰიბრიდული ჯიშებში   საშუალო მოსავალი  კი 3-4 კგ ერთ ძირზე.

კიტრის მოსავლის კრეფა იწყება გადარგვიდან 45 – 55 დღეში. კიტრი კრეფას საჭიროებს  ყოველ 2 – 3 დღეში ერთხელ. არ უნდა დაუგვიანდეს კრეფა კიტრს, რადგანაც გაზრდილი ნაყოფი ამცირებს ყვავილობას.

ყველაზე ხელსაყრელია წვეთოვანი რწყვა. რომელიც სათანადო გამოყენებით იდეალურად აკმაყოფილებს მცენარის წყლისა და საკვები ელემენტების (ერთდროული რწყვა და გამოკვება საჭიროების შესაბამისად) მიმართ მოთხოვნილებას, მინიმუმამდე ამცირებს ფესვთა სისტემისა და სხვა დაავადებებს. აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ სარწყავი წყლის ხარისხს, მასში დაბალი უნდა იყოს მარილების  შემცველობა. კიტრი წყლის მოყვარულია, მოითხოვს რეგულარულ მორწყვას ყვავილობისა და ნაყოფის ფორმირებისას.

დაავადებები და მავნებლები.

 დაავადების სუსტი კონტროლი 30-50 % – ით ამცირებს კიტრის მოსავლიანობას. მავნებლები, სიცხე, ქარი აზიანებს ფოთოლს და ამცირებს ნაყოფის რაოდენობას. კიტრი საკმაოდ მგრძნობიარე კულტურაა სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული დაავადებების და მავნებლების მიმართ.

 კიტრის დაავადებებიდან აღსანიშნავია – ფუზარიოზი, ფიტოფტორა, პერენოსპოროზი, ნაცარი. მავნებლებიდან – თრიფსი, ბუგრი, ტკიპა. ამიტომ ფუნგიციდების და ინსექტიციდების პერიოდული შეტანა განსაკუთრებით ყვავილობის წინ და ნაყოფის ჩამოყალიბებისას აუცილებელია.

თებერვალი 26, 2026

კიტრის განოყიერების სისტემა