აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე
პომიდორი სითბოს, განათების და ტენის მიმართ მომთხოვნი კულტურაა. ტენის სიმცირის დროს ფერხდება საკვები ელემენტების შეთვისება, შეინიშნება ფოთლების დახუჭუჭება, იწყება ყვავილებისა და ნასკვების ცვენა, ნაყოფები ავადდება წვერის სიდამპლით. ის ვერ იტანს ჰაერის მაღალ ფარდობით ტენიანობას, რადგან ძლიერ ზიანდება სხვადასხვა დაავადებებით და ულპება ნაყოფი.
პომიდორს გააჩნია მძლავრი და ღრმად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელსაც ნაწილობრივ ძნელადხსნადი შენაერთებიდანაც შეუძლია საკვები ელემენტების შეთვისება. მისთვის აზოტ-კალიუმიანი სასუქებით ნორმალური კვება განსაკუთრებით აუცილებელია ყვავილობის, დაკოკრების და მსხმოიარობის ფაზებში, მაგრამ არასასურველია აზოტით ჭარბი კვებაც, რადგან ის იწვევს მსხმოიარობის შემცირებას და ხელს უწყობს დაავადებათა გავრცელებას. პომიდორს ფოსფორზე მოთხოვნილების კრიტიკული პერიოდი თესლის გაღივებიდან აღმოცენებამდე გააჩნია.
პომიდორი ვერ იტანს ნიადაგის ხსნარში კალციუმის მაღალ კონცენტრაციას, ამიტომ მცირე ნორმით მოკირიანებას მოითხოვენ მხოლოდ ძლიერ მჟავე და მჟავე ნიადაგებზე. იმისათვის, რომ ვერ ეგუება ნიადაგის ხსნარში ხსნადი მარილების 0,4 % – ზე მეტ კონცენტრაციას, პომიდორი სუსტად ვითარდება დამლაშებულ ნიადაგებზე. ეს კულტურა კარგად ხარობს გაკულტურებულ, მსუბუქი მექანუკური შემადგენლობის, სუსტ მჟავე და სუსტ ტუტე არეს რეაქციის ნიადაგებზე 5,0 – 8,0 pH ინტრევალში
ა ზ ო ტ ი. ნიადაგში აზოტის სიმცირის დროს პომიდორის ფესვები იწყებენ გამუქებას და ხმობას, რაც მცენარის ზრდის შენელებას იწვევს. თანდათან ხმება და იღუპება ყვავილების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ცვივა ნასკვები. დარჩენილი ნაყოფები წვრილი და ღია მწვანე შეფერილობისაა, გახევებულია, ნაადრევად მწიფდება და მის რბილობში შეიმჩნევა ფესვების ჩონჩხის მაგვარი ჩანართები.
პომიდორის აზოტით ჭარბი კვება განაპირობებს ნაყოფის მსხმოიარობის შემცირებას. ნაყოფები ყუნწთან ახლოს მწვანეა, ანალოგიური შეფერილობა აქვს რბილობსაც, ამ დროს ადგილი აქვს პომიდორში ნიტრატებისა და ნიტრიტების დაგროვებას, რის გამოც იგი საშიშია საკვებად.
ფ ო ს ფ ო რ ი. ფოსფორის სიმცირის დროს პომიდორი ივითარებს მოკლე, წვრილ, უხეშ ღეროს, სუსტად იტოტება. მკვეთრად მცირდება განვითარებული ყვავილების რაოდენობა. ხანგრძლივდება ყვავილობა და ნაყოფის მომწიფების პერიოდი. ქვედა იარუსის ფოთლები შიმშილის გახანგრძლივებისას იღებს ალისფერს. თანდათან ხმებიან და იწყებენ ცვენას. მცენარე აჩერებს ზრდას. ფოსფორის სიჭარბის შემთხვევაში ჩქარდება ნაყოფების მომწიფების პროცესი.
კ ა ლ ი უ მ ი. კალიუმის სიმცირე განაპირობებს წვრილ, გაუხეშებულ ღეროს და დანაოჭებული ფოთლების განვითარებას, ძველი ფოთლების კიდეების სიდამწვრეს, წვრილნაყოფიანობას, ნაყოფების არათანაბარ სიმწიფეს და ფაშარ აგებულებას, რომლის კანზე და რბილობის შიგნით შეინიშნება მოშავო-მოყავისფრო ზოლები. მცენარე და ტოტები ადვილად ავადდება და დაბალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდებიან. კალიუმის სიჭარბის ნიშნები ხშირ შემთხვევაში მისი სიმცირის ანალოგიურია.
კ ა ლ ც ი უ მ ი. ამ ელემენტის დეფიციტის დროს პომიდორის ნაყოფის წვერზე ჩნდება შავი ლაქა, რომელივ ნაყოფის ზომის გადიდებასთან ერთად იზრდება. კალციუმის სიჭარბე აპირობებს მცენარის სწრაფ დაბერებას.
მ ა გ ნ ი უ მ ი. ამ ელემენტის სიმცირის დროს ადგილი აქვს ფოთლების ღია ყვითელ, ნარინჯისფერ ან მოწითალო შეფერილობის ქლოროზის განვითარებას, ქლოროზით დაავადებული ფოთლები ხმება და ნაადრევად ცვივა.
პომიდვრის ნორმალური განვითარებისათვი საჭიროა ასევე შემდეგი მიკროელემენტები: ბ ო რ ი, მ ა ნ გ ა ნ უ მ ი, თ უ თ ი ა, მ ო ლ ი ბ დ ე ნ ი, რ კ ი ნ ა .
პომიდორი მაღალ მოთხოვნილებას აყენებს ფოსფორით კვებაზე. გადიდებულ მოთხოვნილებას აზოტზე და კალიუმზე.
პომიდორის მოყვანისას მინერალურ და ორგანულ სასუქებს იყენებენ ძირითადი განოყიერებისას, ფესვური და ფესვგარეშე გამოკვებისას.
ძ ი რ ი თ ა დ ი გ ა ნ ო ყ ი ე რ ე ბ ა
როდესაც პომიდორის ნიადაგის გასანოყიერებლად კომპლექსური სასუქების გამოყენებაა დაგეგმილი, მათი გამოყენება უმჯობესია მოხდეს დარგვისწინა კულტივაციის დროს, იმ საკვები ელემენტების შემცველო-ბის მიხედვით, რომელიც მინიმუმში იმყოფება ნიადაგში.
დარგვის დროს განოყიერებას აწარმოებენ მხოლოდ დაბალი ნაყოფიერების ნიადაგებზე. კარგად გაკულტურებულ ნიადაგზე რგვის დროს განოყიერება საჭირო არ არის .
პ ა მ ი დ ო რ ი ს გ ა მ ო კ ვ ე ბ ა
ტენიან სუბტროპიკებში, ან სარწყავ პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს აზოტიანი და კალიუმიანი სასუქების წილადობრივ შეტანას. ეს ორივე სასკვები ელემენტი შეიტანება წვეთოვანი მორწყვის დროს (ფერტიგაციით).
პირველ გამოკვებას აწარმოებენ დარგვიდან 15 – 20 დღეში, მეორეს დარგვიდან 30 – 40 დღის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში მესამეს დარგვიდან 55 – 60 დღის შემდეგ.
პომიდორის მოსავლის რაოდენობა დამოკიდებულია აგროტექნიკურ ღონისძიებების ხარისხზე, ჯიშზე, ნიადაგის ტიპზე, მორწვის რეჟიმზე, სასუქის სწორ შეტანაზე და ფიტოსანიტარულ კონტროლზე (მავნებელ დაავადებების პრევენცია).
თუ გვინდა პომიდორის ხარისხიანი და მაღალი მოსავალი, ეს არის მისი დარგვა ბაძო კვალზე, მულჩით და წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.
ბაძო კვალზე (შემაღლებულ ზოლზე), მულჩით დარგვის უპირატესო-ბებია:
- გაუმჯობესებულია დრენაჟი, წყალი არ გროვდება ფესვებთან, რაც ამცირებს ფესვის სიდამპლის და სხვა დაავადებების რისკს.
- მულჩის ქვეშ ნიადაგი ყოველთვის გაფხვიერებულია და მას დამუშავება არ სჭირდება.
- მორწვა ხდება წვეთოვანი სისტემით, რითაც ირწყვება კიდეც მცენარე და მცენარის გამოკვებაც შეგვიძლია (ფერტიგაცია). წვეთოვანი მორწყვით კეთდება წყლის ეკონომიაც.
- მულჩი (შავი ფერის) იცავს სარეველებისაგან და ინარჩუნებს ტენიანობას.
აღსანიშნავია, რომ პომიდორის მოსავალი დამოკიდებულია მის ჯიშურ თავისებურებაზე, იმ შემთხვევაში როდესაც ჯიშიარის საშუალო მოსავლიანი. საშუალო მოსავალში იგულისხმება 2,5 – 4,0 კგ. ერთ ძირზე, ანუ 60 – 75 ტონა მოსავალი ჰექტარზე არის სრულიად მიღწევადი.
პომიდორის მოყვანის ტექნოლოგიური რუქა ღია გრუნტში
1.პომიდორის ძირითადი განოყიერება. პომიდორის დარგვამდე 10 – 14 დღით ადრე ნიადაგის დამუშავება და ბაძო კვალში კოპლექსური სასუქი 8-20-30 ფიზიკური წონით 350 – 400 კგ/ჰა (რასაც შეესაბამება NPK 28-70-105 ან 32-80-120 სუფთა ნივთიერება).შეტანა
ან ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ კომპლექსური სასუქი 15-15-15, რომლის შესატანი რაოდენობაა ფიზიკური წონით 500 კგ/ჰა (რასაც შეესაბამება NPK 75-75-75 სუფთა ნივთიერება ).
2.პომიდორის რგვის დროს სასუქის გამოყენება საჭირო არ არის .
3.დარგვიდან 15 – 20 დღის შემდეგ. გამოკვებაში გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა ფიზიკური წონით 100 კგ/ჰა (რაც შესაბამება N – 34,4 კგ აზოტს).
4.ყვავილობის წინ (დარგვიდან 30 – 40 დღის შემდეგ). გამოკვებაში გამოიყენება კალიუმის სულფატი 100 – 150 კგ/ჰა (რაც შეესაბამება კალიუმის 50 ან 75 კგ სუფთა ნივთიერებას). კალიუმი აუმჯობესებს ყვავილობას და ნაყოფის ფორმირებას.
5. ამონიუმის გვარჯილა ფიზიკური წონით 50 კგ/ჰა ( რაც შეესაბამება 17,2 კგ სუფთა აზოტს). აზოტის შეტანა ამ დროს ზომიერად უნდა მოხდეს.
6.ნაყოფის ზრდა და სიმწიფე ( დარგვიდან 55 – 60 დღე და შემდეგ) ამ დროს შეიტანება კალიუმის სულფატი 100-150 კგ/ჰა. მისი შეტანა შესაძლებელია ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ეხმარება პომიდორის შაქრიანობის, ფორმისა და ფერის გაუმჯობესებაში. თუ ფოთოლი ამ დროს ღია მწვანე შეფერილობისაა, – შეიძლება დაემატოს ამონიუმის გვარჯილა ფიზიკური წონით 30-35 კგ/ჰა.
7.თუ მცენარეს აღენიშნება ფოთლის ქლოროზი, სასურველია ეს ყვავილობამდე მოხდეს, უნდა შეგიტანოთ მიკროელემენტები ბორი, თუთია, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი. სრულად დაყვავილებისათვის განსაკუთრებით აუცილებელია მიკროელემენტი ბორი.
ჩითილების დარგვა და მცენარეთა შემდგომი მოვლითი სამუშაოები:
დარგვისწინა დაკულტივატორება, უშუალოდ დარგვის წინ (აპრილის პირველი-მეორე დეკადა): წინასწარ დატენიანებული ნიადაგი უნდა დაიჭრას 140 სმ რიგთაშორისებით, (1 მეტრიანი ბაძო, რომლის შუაში ირგვება პომიდორი, ხოლო ბაძოებს შორის 40 სმ. სასუქი ეკონომიის მიზნით შეიტანება მხოლოდ ბაძოზე. 40 სმ არის ტრაქტორის თვლებისათვის.) მცენარეები უნდა დაირგას მწკრივში 35-40 სმ-ის დაშორებით, იმ ვარაუდით, რომ 1 ჰა-ზე განთავსდეს 21 ათასი ცალი ჩითილი. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჯიში დეტერმინანტია. თუ ნახევრად დეტერმინანტია მაშინ მცენარეებს შორის უნდა იყოს 1 მეტრი. დარგვის მომენტში ჩითილები აუცილებლად უნდა მოირწყას. 3 -5 დღის შემდეგ ჩითილები უნდა გამოირგოს.
ყველაზე ხელსაყრელია წვეთოვანი რწყვა, რომელიც სათანადო ავტომატური კონტროლის გამოყენებით იდეალურად აკმაყოფილებს მცენარეთა წყლისა და საკვები ელემენტების (ერთდროული რწყვა და გამოკვება საჭიროების შესაბამისად) მოთხოვნილებას, მინიმუმამდე ამცირებს ფესვთა სისტემისა და სხვა დაავადებებს, ამაღლებს მცენარეთა გამძლეობას დაავადებების (ფიტოფტორა, ალტერნარიოზი და სხვა) მიმართ. ზრდის ქიმიურ ღონისძიებათა ეფექტურობას და 30 – 40 %-ით და მეტად ამაღლებს მოსავლიანობას, აშკარად აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს, წვეთოვანი რწყვის მოწყობა – მონტაჟზე გაწეული ხარჯები კი მრავალჯერ ანაზღაურდება.
8.დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლა
-ჩითილების დარგვისთანავე, ფესვის სიდამპლეების წინააღმდეგ, ვიყენებთ ფუნგიციდებს.
-ღია გრუნტში მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით პომიდორის წამლობები უნდა ჩატარდეს შემდეგ განვითარების ფაზებში :
-კოკრების განვითარების ფაზა
-ყვავილობის დასაწყისი
-მასობრივი ყვავილობა
-ნაყოფის გამოჩენისა და ზრდის დასაწყისი
-ნაყოფის დამსხვილება
-ნაყოფების შეწითლების ფაზაში
-პომიდორის ფიტოფტორაზე და ალტერნარიოზზე წამლობები უნდა ჩატარდეს რომელიმე სისტემური ან კონტაქტური ფუნგიციდით.
-ფრთათეთრას და კლორადოს ხოჭოს, ბუგრების, თრიფსების, მღრნელი ხვატარების, ჩრჩილის წინააღმდეგ გამოიყენება ინსექტიციდები.
-ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების გამოყენება შეიძლება კომბინირებული ნაზავის სახით.
© copyright