ამონიუმის სულფატის უპირატესობა სხვა აზოტიან სასუქებთან შედარებით

მთავარი / სიახლეები

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე

აზოტი მცენარისთვის ერთ-ერთი ძირითადი საკვები ელემენტია. მცენარის აზოტით უზრუნველყოფაზე არის დამოკიდებული მისი ზრდა-განვითარება, მოსავალი და მოსავლის ხარისხი. აზოტის დიდი მნიშვნელობა მცენარის სიცოცხლეში განპირობებულია იმით, რომ აზოტი შედის ყველა მარტივი და რთული ცილების შედგენილობაში. ცილები მცენარის  უჯრედის პროტოპლაზმის ძირითადი  შემადგენელი ნაწილია. აზოტის გარეშე ცილა არ წარმოიქმნება , ხოლო ცილის გარეშე სიცოცხლე  არ არსებობს.

მცენარეს შეუძლია ნიადაგიდან  აზოტი შეითვისოს ნიტრატული და ამიაკური ფორმით. ნიტრატული აზოტი უშუალოდ არ მონაწილეობს ორგანული ნივთიერების სინთეზში. მცენარეში,  აზოტიანი ორგანული ნივთიერების სინთეზში  ნიტრატებმა რომ მიიღონ მონაწილეობა, ამისათვის საჭიროა ისინი ამიაკამდე აღდგეს. ნიტრატების  აღდგენის პროცესში  მონაწილეობს მიკროელემენტები: მოლიბდენი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი.

რაც შეეხება ამიაკურ აზოტს, მას გარდაქმნა  არ სჭირდება იგი პირდაპირ მონაწილეობს ცილის სინთეზში.

ჩვენ განვიხილოთ ამიაკური ფორმის აზოტიანი სასუქი – ამონიუმის სულფატი და ავღნიშნოთ მისი უპირატესობები. ამონიუმის სულფატი იგივე გოგირდმჟავა ამონიუმი (NH4)2SO4  შეიცავს  20,5-21 % აზოტს და 23-24 % გოგირდს. აზოტიანი სასუქების მსოფლიო  წარმოებაში  ამ სასუქის ხარჯზე მოდის დაახლოებით 25 %.

ამონიუმის სულფატი  წყალში კარგად ხსნადი მარილია. აქვს კარგი ფიზიკური თვისებები : დაბალი ტენიანობა, კარგი ბნევადობა, შენახვის დროს ნალკებად იბელტება.

ნიადაგში შეტანილი ამონიუმის სულფატი  კარგად იხსნება ნიადაგის ტენში. წყალში გახსნილი მარილის კათიონები შედის ნიადაგის შთანთქმის კომპლექსში.  შთანთქმულ ამონიუმს მცენარეები კარგად ითვისებენ. ამავე დროს შთანთქმული ამონიუმის იონი  ნაკლებად მოძრავია, ამიტომ მისი გამორეცხვა და ამ გზით აზოტის დანაკარგი უხვ ნალექიან  ზონაშიც  და  ძლიერ ტენიან ნიადაგშიც კი გამორიცხულია.   კარბონატულ ნიადაგებში  შეტანილი  ამონიუმის სულფატის  ნიტრიფიკაციის პროცესის შედეგად   წარმოიქმნება  აზოტმჟავა და  ასევე  გამოთავისუფლდება გოგირდმჟავა, ნიადაგში ამ მჟავების განეიტრალება ხდება ნიადაგის ხსნარში არსებული ბიკარბონატებით, რადგან მჟავების განეიტრალებაზე იხარჯება ბიკარბონატები. ამით ტუტე ნიადაგების არეს რეაქციაც მცირდება და მიდის ნეიტრალურისაკენ. ამ დროს არეს რეაქციის შემცირება ხდება ნელ-ნელა, ისე რომ ნიადაგის ბუფერობაზე მკვეთრად არ  იმოქმედოს.

აღმოსავლეთ  საქართველოში  კარბონატულ ყავისფერ ნიადაგებს დიდი ადგილი უკავია. ამ ნიადაგებისათვის დამახასიათებელია ზედაპირიდანვე კარბონატობა  და პროფილშიც კარბონატების დიდი რაოდენობა. ნიადაგში მაღალი კარბონატობის გამო  იზრდება ნიადაგის არეს რეაქცია და იგი  საშუალო და  ძლიერი  ტუტეა.  აღნიშნული ტუტიანობა მავნებელია თითქმის ყველა კულტურისათვის, ამიტომ მიმართავენ ნიადაგის  არეს რეაქციის შემცირებას . ამისათვის ნიადაგში შეაქვთ კოლოიდური გოგირდი რამდენიმე ტონა ჰექტარზე. შესატანი გოგირდის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ერთეულით გვინდა არეს რეაქციის ცვლილება და ასევე, ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობაზე. მძიმე ნიადაგებზე გოგირდის შესატანი რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის  ნიადაგზე. ნიადაგში კოლოიდური გოგირდის შეტანა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ამონიუმის სულფატის გამოყენებით  კარბონატულ, ტუტე არეს რეაქციის  ნიადაგებზე  ჩვენ  ვაკეთებთ ორ საქმეს: ერთი ვკვებავთ მცენარეს აზოტით, მეორე ვამცირებთ  ნელ-ნელა  ნიადაგის მჟავიანობას, ისე რომ  ნიადაგის ბუფერობაზე (ნიადაგის ბუფერობა არის ნიადაგის უნარი  ხელი შეუშალოს  ნიადაგის არეს რეაქციის შეცვლას მჟავე ან ტუტე მიმართულებით) მკვეთრად არ ვიმოქმედოთ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ძირითადად მჟავე ნიადაგებია (წითელმიწა, ეწერი) ამ ნიადაგების არეს რეაქცია ისედაც მჟავეა. აღნიშნულ ნიადაგებზე ამონიუმის სულფატს  ორ შემთხვევაში ვიყენებთ:

  1. როდესაც მჟავე ნიადაგებზე ფოსფორიან სასუქად ვიყენებთ ფოსფორიტის ფქვილს. ეს იაფი ბუნებრივი  ფოსფორიანი სასუქია, მაგრამ მასში არსებული ფოსფორი მცენარისათვის მიუწვდომელია. იმისათვის რომ  ფოსფორიტის ფქვილი  უშუალოდ სასუქად იქნას გამოყენებული, დაცული უნდა იყოს  ოთხი პირობა:

ა) მცენარის ბიოლოგიური თავისებურება

ბ) ნიადაგის თვისებები

გ) თანამგზავრი აზოტიანი სასუქი აუცილებლად უნდა იყოს მჟავე.

დ) ფოსფორიტის ფქვილის დაფქვის სიმსხო.

 

მესამე პუნქტში თანამგზავრ აზოტიან სასუქად მოიაზრება ამონიუმის სულფატი, რადგან იგი ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია  და ის იწვევს ნიადაგის ხსნარის შემჟავებას, რაც აძლიერებს ნიადაგში ფოსფორიტის ფქვილის ხსნადობას.

 

  1. მეორე შემთხვევა, როდესაც მჟავე ნიადაგებზე ამონიუმის სულფატს ვიყენებთ  არის ის რომ მხოლოდ მჟავე ნიადაგზეა შესაძლებელი კენკროვანი კულტურის ლურჯი მოცვის მოყვანა, ეს კულტურა დასავლეთ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. იმისათვის რომ ნიადაგი აკმაყოფილებდეს მოცვის გაშენების პირობებს  ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა    რომ  ნიადაგის pH (წყლის გამონაწურში) მაჩვენებელი  4,2-5,2 ინტერვალში   იყოს. არეს რეაქციის ასეთი მაჩვენებელი ყოველთვის არ აქვს ნიადაგს. იმისათვის რომ არეს რეაქციის მაჩვენებელი ამ ინტერვალს არ გასცდეს, მოცვის კვებაში  აზოტიან სასუქად ყოველთვის   ვიყენებთ ამონიუმის სულფატს. ამით მოცვს ვაწვდით აზოტს და შენარჩუნებული გვაქვს ნიადაგის  საშუალო მჟავე არეს  რეაქცია.

 

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დასავლეთ საქართველოში კვლავ     აღორძინდა ჩაის კულტურა, რომელსაც ასევე საშუალო მჟავე  ნიადაგის არეს რეაქცია ესაჭიროება და მის აზოტით  კვებისთვისაც საუკეთესოა ამონიუმი სულფატი.

საბოლოოდ შემიძლია დავასკვნათ, რომ ამონიუმის სულფატი ფიზიოლოგიურად  მჟავე  აზოტიანი სასუქია,  რომელიც  მრავალი კულტურისათვის და ნიადაგისთვის შეუცვლელია.

© copyright

თებერვალი 26, 2026

ამონიუმის სულფატის უპირატესობა სხვა აზოტიან სასუქებთან შედარებით