„რუსთავის აზოტში“ აზოტმჟავას საამქროს კატალიზური წმენდის მოდერნიზებული რეაქტორის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართა

მთავარი / სიახლეები

2026 წლის 19 ოქტომბერს სს „რუსთავის აზოტში“ (საერთაშორისო კორპორაცია „ინდორამას“ წევრი), აზოტმჟავას საამქროს კატალიზური წმენდის მოდერნიზებული რეაქტორის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, აზოტმჟავის წარმოებაში კლიმატის დაცვის სამოქმედო ჯგუფის (NACAG) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და საწარმოს გარემოსდაცვითი მოდერნიზაციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი ანა-მარია შნაიდერი, ასევე საქართველოს მთავრობის, გერმანიის საელჩოს და GIZ-ის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა აზოტის ოქსიდებისა (NOx) და აზოტის ქვეჟანგის (N₂O) კატალიზური გაწმენდის რეაქტორის სრული მოდერნიზაცია. რეაქტორში ჩაიტვირთა ახალი თაობის კატალიზატორი, სრულად განახლდა მისი შიდა კომპონენტები და დამონტაჟდა ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა (CEMS), რომელიც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფს.
მოდერნიზებული რეაქტორი აზოტმჟავას წარმოების პროცესში წარმოქმნილი აზოტის ქვეჟანგის (N₂O) ემისიების 95%-ს ანეიტრალებს, რაც წლიურად 432,000 ტონა CO₂-ეკვივალენტს შეადგენს. 2019 წელს დაფიქსირებულ ემისიების დონესთან შედარებით, ეს ყოველწლიურად დამატებით 120,000 ტონა CO₂-ეკვივალენტით ემისიების შემცირებას ნიშნავს.
აზოტის ქვეჟანგი (N₂O) სათბურის აირია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კლიმატსა და გარემოზე, აზიანებს ოზონის შრეს და ატმოსფეროში ნახშირორჟანგთან (CO₂) შედარებით უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება. ამასთანავე, აზოტის ოქსიდების (NOx) ემისიების შემცირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხს ადგილობრივ დონეზე, რაც დადებით გავლენას ახდენს ქალაქ რუსთავის მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოზე. აღნიშნული შედეგი მნიშვნელოვნად ამცირებს საწარმოს გარემოსა და კლიმატზე ზემოქმედებას და ხელს უწყობს უფრო სუფთა და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან წარმოებას.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 5.26 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 2.26 მილიონი ევრო GIZ-ის დაფინანსებაა, ხოლო 3 მილიონი ევრო სს „რუსთავის აზოტის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია.
კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია პასუხობს კორპორაცია “ინდორამას” ხედვას პასუხისმგებლიან ინდუსტრიულ განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ბიზნესის ზრდასთან ერთად საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვასაც გულისხმობს. ამ მიდგომის შესაბამისად, სს „რუსთავის აზოტი“ განაგრძობს საწარმოო პროცესების მოდერნიზაციას, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვასა და მავნე ემისიების შემცირებას. ეს ძალისხმევა ხელს უწყობს საწარმოს მდგრად განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და საქართველოს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას.

ოქტომბერი 26, 2026

„რუსთავის აზოტში“ აზოტმჟავას საამქროს კატალიზური წმენდის მოდერნიზებული რეაქტორის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართა

უახლესი ამბები