საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 11 ნოემბრის სხდომის ანგარიში
2019 წლის 11 ნოემბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 17063 ლარს წინა თვეებში დაზოგილი თანხის ხარჯზე. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 13812 ლარი. 9 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 7 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
სამეურნეო განყოფილების მუშას გადატანილი ინსულტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 290 ლარით, ციანმარილების წარმოების ზეინკალ-შემკეთებელს სტენტირებისა და კორონაროგრაფიის გამო გაუწიეთ დახმარება 800 ლარის ოდენობით, აზოტმჟავის საამქროს ტექნოლოგს კანის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1400 ლარით, გვარჯილის საამქროს საწყობის თანამშრომელს გაურკვეველი ეტიმოლოგიის ალერგიის სამკურნალოდ, რომელსაც დაზღვევა არ აფინანსებს, დავეხმარეთ 1016 ლარით, ჟანგბადის საამქროს ხარატს გაუწიეთ დახმარება 220 ლარის ოდენობით მოტეხილობების სამკურნალოდ, ამიაკის წარმოების ენერგეტიკოსს დავეხმარეთ 1500 ლარით გულის სტენტირების გასაკეთებლად, ორთქლმომარაგების საამქროს ცვლის უფროსს კი 250 ლარით დავეხმარეთ წითელი ქარის სამკურნალოდ.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ფონდა დახმარება გაუწია შემდეგ თანამშრომლებს: რკინიგზის საამქროს მენეჯერს დედის გულის სრული ბლოკადის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს ელექტრომექანიკოსს ქალიშვილის უიშვიათესი დაავადების – არნოლდ კიარის 1 ტიპის მალფორმაციის და სირინგომიელიის გამო, რომელზეც საქართველოში ოპერაცია არ კეთდება – დავეხმარეთ მაქსიმალურად დასაშვები თანხით 3000 ლარით. სანიტარული ლაბორატორიის ლაბორანტს მეუღლის ხოჯკინის ლიმფომის (კიბოს) სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით, ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების ლაბორანტს დავეხმარეთ 464 ლარით შვილიშვილის საცრემლე ჯირკვლის ოპერაციული გზით სამკურნალოდ, აღსანიშნავია, რომ ბავშვს ასევე დაუგინდა გულის პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, სიცივის წარმოების ცვლის უფროსს დავეხმარეთ 300 ლარის ოდენობით დედის ქოლეცისტექტომიის გასაკეთებელად.
უარი დახმარებაზე ეთქვა 2 თანამშრომელს: ციანმარილების წარმოების ცვლის უფროსს ცხვირის ძგიდის ოპერაციის თანადაფინანსებაზე და სსხ და ა-ს ზეინკალს მეუღლის შეწყვეტილი ორსულობის გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 10 დეკემბრის სხდომის ანგარიში
2019 წლის 10 დეკემბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 11 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 14044 ლარს წინა თვეებში დაზოგილი თანხის ხარჯზე. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 11172 ლარი. 5 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 6 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
აზოტმჟავის საამქროს ოპერატორ-ელექტრიკოსს ფილტვების პნევმოთორაქსის და ემფიზემის გამო ჩატარებული ოპერაციის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად დავეხმარეთ 600 ლარით, საშვთა ბიუროს თანამშრომელს გადატანილი მასტექტომიის შემდგომი მკურნალობისთვის დავეხმარეთ 480 ლარით, აგრეთვე საშვთა ბიუროს კონტროლიორს გაუწიეთ დახმარება ბ ჰეპატიტის გამო, რომელსაც დაზღვევა არ აფინანსებს, 500 ლარის ოდენობით, მსშს-ს დამლაგებელ ქალბატონს დავეხმარეთ 263 ლარით სპონდილოართროზის და დისკების პროთრუზიის სამკურნალოდ, საწარმოო განყოფილების ინჟინერს გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით მენჯ-ბარძაყის კოქსართროზის გამო.
რაც შეეხება ოჯახის წევრების გამო გაწეულ დახმარებას, ფონდის რესურსი გადანაწილდა ასე: ამიაკის წარმოების მეაპარატეს დავემარეთ 150 ლარით ქალიშვილის საშვილოსნოს მიომის სამკურნალოდ, ამიაკის წარმოების მუშას მესამედ გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით შვილის საშრდე ბუშტის იშვიათი პათოლოგიის გამო, ელექტროშემკეთებელი საამქროს უფროსის მოადგილეს დავეხმარეთ 500 ლარით მეუღლის ცისტოცელეს სამკურნალოდ, მსშს-ს თანამშრომელს თავის ტვინის სიმსივნის გამო დავეხმარეთ 1190 ლარის ოდენობით წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სან.ლაბორატორიის ლაბორანტს გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით დედის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ.
უარი გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე ეთქვა სარემონტო-მექანიკური საამქორს ხარატს შვილის გლანდების ოპერაციის გამო.