2–3 ოქტომბერს რუსთავის აზოტმა თანამშრომლებისთვის კახეთში ორდღიანი გასვლითი ღონისძიება გამართა, რომელიც სამუშაო გარემოს მიღმა ურთიერთობის, გუნდური თანამშრომლობისა და საერთო გამოცდილებების გაძლიერებას დაეთმო.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ყვარლის ღვინის გვირაბი, სადაც ქართული ღვინისა და კულინარიის ტრადიციებს გაეცნენ და თავადაც მიიღეს მონაწილეობა მათ გაცოცხლებაში. პროგრამა მოიცავდა რთველში მონაწილეობას, ყურძნის დაწურვას, ტრადიციული შოთის პურის მომზადების მასტერკლასსა და ჩურჩხელის დამზადებას.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გუნდური აქტივობებიც, რომლებმაც მონაწილეებს თანამშრომლობის, ეფექტური კომუნიკაციისა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებისა და ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა მისცა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ანდრო დგებუაძის ჩართულობით გამართულ არაფორმალურ შეხვედრას, რომლის დროსაც მონაწილეებმა ერთმანეთს პირადი და პროფესიული გამოცდილებები გაუზიარეს. შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თანამშრომლებს შორის არსებული საერთო ღირებულებები და გააძლიერა ერთიანი გუნდის განცდა.
ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო თამაში „ააშენე აზოტი“ (Build Azot). მონაწილეებმა სხვადასხვა გუნდში იმუშავეს და წინასწარ მომზადებული მასალების გამოყენებით რუსთავის აზოტის საამქროების მაკეტები შექმნეს. თამაშის ფარგლებში თითოეულ გუნდს საკუთარი ობიექტის შესწავლა, პროექტის შექმნა, დიზაინის შემუშავება და აწყობა დაევალა. მონაწილეებმა შექმნეს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რომლებიც საბოლოო ეტაპზე, გაერთიანდა.
თამაშმა მონაწილეებს კომპანიის საქმიანობისა და სამუშაო გარემოს განსხვავებული, შემოქმედებითი პერსპექტივით დანახვის შესაძლებლობა მისცა.