„რუსთავის აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა, ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფორუმში „შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი“ მიიღო მონაწილეობა და პანელურ დისკუსიაში „რეგიონული თანამშრომლობა პრაქტიკაში“ მომხსენებლის სტატუსით ჩაერთო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებისა და ამ ქვეყნების მსხვილი სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები.
ბატონმა ჯაჯუმ ისაუბრა კომპანიის საქმიანობისა და განვითარებისთვის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ევროპისა და აზიის ბაზრებზე წვდომის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. მან აღნიშნა, რომ ინდორამას მიერ „რუსთავის აზოტში“ განხორციელებული და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას, განსაკუთრებით კი რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობის ზრდას მოითხოვს.
ბატონმა ჯაჯუმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, საქართველოს რკინიგზასა და პორტებს მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მან ასევე დადებითად შეაფასა რკინიგზის მოდერნიზაციის მიმდინარე პროგრამა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფარგლებში გადადგმული ახალი ნაბიჯები.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროცედურების გამარტივება, დიგიტალიზაცია და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის გაზრდის გადაზიდვების საიმედოობას და ხელს შეუწყობს შემდგომი ინვესტიციების განხორციელებას.