ფონდი „თანადგომა“
სს „რუსთავის აზოტის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“. ფონდის შექმნის ძირითადი მიზანია თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემების მოგვარება. გარდა იმ თანხებისა, რასაც კომპანია სტაბილურად გასცემდა დახმარების სახით ქორწინების, ბავშვის დაბადების, ოჯახის შექმნის ან ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე იყო უამრავი განცხადება მატერიალურ დახმარებაზე. ძირითადად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შექმნილიყო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს ამ პრობლემებს მეტნაკლებად მოუგვარებდა. დაარსებიდან რამდენიმე დღეში საწარმოს თანამშრომლები გაერთიანდნენ ფონდში და ამ სახით ნებაყოფლობით გამოხატეს საკითხისადმი თანადგომა. ფონდი მხოლოდ თანამშრომელთა შემოწირული თანხებით არ მუშაობს, იმ თანხას, რასაც ყოველთვიურად შემოწირულობის სახით გაიღებენ საწარმოს თანამშრომლები, აორმაგებს ადმინისტრაცია. ამ ერთიანი თანხით ხდება დახმარება და პრობლემების ნაწილობრივ, ან მთლიანად მოგვარება არა მხოლოდ თანამშრომლების, არამედ მათი ოჯახის წევრებისაც. ფონდის საქმიანობას მართავს სამკაციანი სამეთვალყურეო საბჭო და საწარმოებიდან არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც სვამენ წინადადებებს და აყენებენ მათ წინაშე მდგარ პრობლემებს. ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენა ხდება ყოველთვიურად კომპანიის თანამშრომლებისთვის შიდა კომუნიკაციისა და ვებ-გვერდის საშუალებით.