საქართველოში, ვენახი თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, რაზედაც მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქ 360-მდე ვაზის ადგილობრივი ჯიში წარმატებით ვითარდება და წარმოადგენს სოფლის მეურნეობის აღმავლობის ერთ-ერთ წამყვან დარგს.
საქართველოში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს, შესაბამისად რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების, გამოსაყენებლად მათი მიმართულების, მოვლა-მოყვანის სპეციფიურობის და რათქმაუნდა განოყიერების ზეგავლენით გააჩნიათ თითოეული ჯიშისათვის დამახასიათებელი გემური თვისებები, არომატი და იძლევიან მაღალი ხარისხის სუფრის, ნახევრად ტკბილ და შემაგრებულ ღვინოებს, აგრეთვე საკუპაჟე მასალას.
ვაზის მოთხოვნილება აზოტიანი სასუქებისადმი
ვაზი ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადგილზეა გაშენებული 30-40 წლის განმავლობაში და ამიტომ ძლიერ აღარიბებს ნიადაგს საკვები ელემენტებით. იგი თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე მოჰყავთ, მაგრამ ყველაზე მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევა მსუბუქ, სტრუქტურულ, ჰუმუსით მდიდარ კარბონატულ ნიადაგებზე.
მჟავე და ბიცობ ნიადაგებზე გაშენებული ვენახები დაბალმოსავლიანია. ამიტომ, მჟავე ნიადაგები 10-15 წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა მოკირიანდეს, ან შეტანილი იქნას კირის შემცველი მადანი, ე.წ. ტკილი (მერგელი). მიცი და ბიცობი ნიადაგები საჭიროებენ მოთაბაშირებას, ან სხვა სამელიორაციო ღონისძიებას.
ვაზის განსაკუთრებული ბიოლოგიური თვისებაა საკვები ელემენტების რეუტილიზაცია
აზოტით შიმშილის დროს ვაზი კნინდება და მისი ქვედა ფოთლების უმრავლესობა ქლოროზით ავადდება, მკვეთრად ეცემა ყურძნისა და ღვინის ხარისხი; აზოტით ჭარბად კვების დროს ვეგეტატიური ორგანოები მძლავრად ეზრდებათ, ადვილად ავადდებიან და ეყინებათ, ინვითარებენ მცირე რაოდენობით დაბალი შაქრიანობის და მაღალი მჟავიანობის ყურძენს, რომელიც გვიან მწიფდება, ეცემა მიღებული ღვინის ხარისხი და სასაქონლო ღირებულება.
ვაზს სავეგეტაციო პერიოდში საკვები ელემენტების შეთვისება რამდენადმე გახანგრძლივებული აქვს. აზოტის შეთვისება ძლიერდება ყვავილობის პერიოდში. საადრეო ჯიშების მიერ ნიადაგიდან აზოტი ნაკლები რაოდენობით გამოიტანება, ვიდრე საგვიანო ჯიშების მიერ, 100 ც ყურძნის მოსავლით და შესაბამისი ანასხლავით 1 ჰა-დან გამოიტანება 39,7 კგ აზოტი.
აზოტიანი სასუქების ნორმების დიფერენცირება უნდა მოხდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების სარწყავი და ურწყავი პირობებისათვის. კახეთის ურწყავი რაიონების ვენახებისათვის რეკომენდებულია (სუფთა ნივთიერებაზე გათვლით) აზოტის 45-90 კგ/ჰა შეტანა., ფიზიკური წონა – ამონიუმის ნიტრატის გამოყენებისას შეადგენს 130-261 კგ, ამონიუმის სულფატის შემთხვევაში-214-428კგ.
კახეთისა და ქართლის სარწყავი ვენახებისათვის რეკომენდებულია 60-120 კგ/ჰა, ამონიუმის ნიტრატის ფიზიკური წონა არის 174-348კგ, ამონიუმის სულფატის – 286-571კგ.
დასავლეთ საქართველოს ზომიერ ნალექიან რაიონებში აზოტი შეიტანება 90-150კგ/ჰა, ამონიუმის ნიტრატის ფიზიკური წონა უდრის 261-435კგ, ამონიუმის სულფატის ფიზიკური წონა – 428-714კგ.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აზოტის მაღალი ნორმების (150კგ/ჰა) გამოყენებისას, რადგან უარყოფით გავლენას ახდენენ გენერაციულ განვითარებასა და კვირტების ჩასახვაში.
ვენახის 70-100ც/ჰა მოსავლიანობის დროს არ არის რეკომენდებული ნორმის 90კგ ზევით გაზრდა, 100-150ც/ჰა მოსავლიანობისას – 120კგ ზევით გაზრდა.
ახალგაზრდა ვენახის განოყიერება აზოტიანი სასუქით ხდება მხოლოდ მესამე-მეოთხე წლიდან 30-40კგ აზოტის სუფთა ნივთიერების შეტანით.
მსხმოიარე ვენახის გასანოყიერებლად აზოტიანი სასუქების ოპტიმალური ნორმებით, პირველ რიგში საჭიროა დაზუსტდეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლები, ტენით უზრუნველყოფა, მცენარის ფოთლებში საკვები ელემენტების შემცველობა, წინა წლის მოსავლის დონის და ხარისხის გათვალისწინება. აზოტიანი სასუქების ნორმის 60% ნიადაგში შეაქვთ გაზაფხულზე გადახვნის წინ, ვეგეტაციის დასაწყისში. აზოტის დანაკლისი შეიტანება გამოკვებაში ამონიუმის გვარჯილის სახით.
© copyright