აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე
კარტოფილის მოთხოვნილება გარემო და კვების პირობების მიმართ.
კარტოფილი ზომიერი ჰავის მოყვარული მცენარეა და მეტად მგრძნობიარეა როგორც მაღალი, ისე დაბალი ტემპერატურის მიმართ და ორივე შემთხვევაში წყვეტს ტუბერების წარმოქმნასა და განვითარებას. ტუბერების წარმოქმნისათვის ხელსაყრელია 16 – 18 0C სითბო. 20-23 0C უარყოფითად მოქმედებს, ხოლო 29 0C -ზე ზემოთ კი სრულიად წყდება მათი წარმოქმნა. ამასთან, ადგილი აქვს ტუბერების გადაგვარებას და დაავადებას.
კარტოფილი წყლისადმი ზომიერად მომთხოვნი მცენარეა, თუმცა წყალზე მოთხოვნილება მატულობს და მაქსიმუმს აღწევს სტოლონების განვითარებისა და ტუბერების წარმოქმნის პერიოდში. ამიტომ, გვალვიან პირობებში, აუცილებელია მათი მორწყვა. ნიადაგის ჭარბი დატენიანების შემთხვევაში, მკვეთრად უარესდება მისი ზრდა-განვითარება, ტუბერებში მცირდება სახამებლისა და მშრალი ნივთიერების შემცველობა, იზრდება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების ინტენსივობა.
კარტოფილს აქვს სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემა საკვები ელემენტების შედარებით დაბალი შეთვისების უნარით, ამიტომ მოითხოვს ორგანული და მინერალური სასუქების სრულფასოვან გამოყენებას.
კარტოფილის მოყვანა უმჯობესია ნიადაგის სუსტ მჟავე-არეს რეაქციის პირობებში, pH მაჩვენებელის 5,5 – 6 – ის ინტერვალში. თუ pH < 5, უნდა ჩატარდეს ნიადაგის მოკირიანება. კარტოფილი კნინდება აგრეთვე, როცა ნიადაგის pH 7,5 – ზე მეტია. ამასთან ადგილი აქვს მისი ქეცით დაავადებას. კარტოფილის მოყვანა ყველა ნიადაგზე შეიძლება, მაგრამ უხვ მოსავალს მხოლოდ კარგი აერაციის მქონე, ფხვიერ, სტრუქტურულ და ნაყოფიერ ნიადაგზე იძლევა. ამ ტექნიკური კულტურის მოსაყვანად, სათანადო გაუმჯობესების გარეშე, უვარგისია მძიმე თიხნარები და მლაშე ნიადაგები, საუკეთესოა შავმიწა ნიადაგები. ის მაღალ მოსავალს იძლევა გაკულტურებულ ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზეც.
საკვები ელემენტების სიმცირისა და სიჭარბის სიმპტომები კარტოფილისათვის
ა ზ ო ტ ი . კარტოფილი აზოტის მიმართ მომთხოვნი კულტურაა. ამ ელემენტით არასაკმარისი კვების დროს, შეფერხებულად მიმდინარეობს ფოთლების და ღეროს ზრდა, ტუბერების წარმოქმნა და დამსხვილება. განვითარებული ფოთლები პატარა ზომის და ღია მწვანე შეფერილობისაა, ტუბერები წვრილია. გვერდითი ყლორტები ან არ წარმოიქმნება, ან ძალზე მცირე ზომისაა. აზოტის ძლიერი დეფიციტის დროს, ქვედა იარუსის ფოთლები ავადდება ქლოროზით, რის გამოც ფოთლები ადრეულ პერიოდშივე იწყებენ ხმობას, საერთოდ ჩერდება ტუბერების წარმოქმნა და დამსხვილება. აზოტის სიმცირე ხელს უწყობს კარტოფილის მიერ ქლორის ჭარბად შთანთქმას, რაც საგრძნობლად ამცირებს ქლოროფილის წარმოქმნას და ხელს უწყობს ქლოროზის კიდევ უფრო გაძლიერებას. შესაძლებელია ცალკე ქლორის ტოქსიკურობაც გახდეს ქლოროზის მიზეზი. კარტოფილის აზოტით შიმშილი ხშირად ვლინდება ქვიშნარ და სილნარ ნიადაგებზე ნაკელის შეტანის შემთხვევაშიც.
აზოტით ჭარბი კვება იწვევს კარტოფილის ფოჩის აჩოყებულ ზრდა-განვითარებას. ქვეითდება ფიტოფტორისადმი და ქეცისადმი გამძლეობა. აზოტის სიჭარბის შემთხვევაში ტუბერებში გაზრდილია ნიტრატული აზოტის შემცველობა, რაც კარტოფილის კვებითი ღირებულების გაუარესებას და შენახვის უნარიანობის შემცირების მიზეზია. ასეთი კარტოფილი ჰაერზე სწრაფად მუქდება გათლილ მდგომარეობაში.
ფ ო ს ფ ო რ ი. ფოსფორის სიმცირის შემთხვევაში, ფერხდება კარტოფილის ზრდა- განვითარება და ღერო-ფოჩის წარმოქმნა. განვითარებულ ფოთლებს მუქი მწვანე შეფერილობა აქვს. გვერდითი ყლორტები მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ ვითარდებიან. ტუბერების წარმოქმნის პროცესში ადგილი აქვს ქვედა იარუსის ფოთლების წვერის ხმობას და გამხმარი ქსოვილების ზემოთა მხარეს ამოხვევას. ამ ელემენტის სიმცირე აფერხებს და სამი ხუთი დღით აგვიანებს განვითარების ფაზების გავლას, მისი სიჭარბე კი პირიქით, – აჩქარებს.
ფოსფორის შიმშილი აუარესებს ტუბერების ხარისხს, მის რბილობში წარმოიქმნება მურა ფერის ლაქები, რომლებიც მოხარშვისას მაგრდება.
კ ა ლ ი უ მ ი. მისი სიმცირის შემთხვევაში ახალგაზრდა ფოთლებს აქვს მუქი მწვანე შეფერილობა, მბრწყინავი და დანაოჭებული ზედაპირი, ფოთლის კიდის მთელ გარშემოწერილობაზე ჩნდება ყავისფერი ზოლი, რაც ქსოვილის კვდომის შედეგია და „კიდეების სიდამწვრითაა“ ცნობილი. კარტოფილის ბუჩქი ჩამორჩება ზრდაში, ხანგრძლივი შიმშილის დროს მთელი ფოთოლი და ფოჩი ხმება და ფირფიტის წვერი ზემოთ ეხვევა. წარმოქმნილი ტუბერი წვრილია და ცუდად ინახება.
მ ა გ ნ ი უ მ ი. მაგნიუმის მცირე შემცველობისას, კარტოფილის ქვედა ფოთლები კარგავენ ნორმალურ მწვანე ფერს და იღებენ მომწვანო-მოყვითალო და ყვითელ შეფერილობას, ხდებიან მყიფე და მტვრევადი. ძლიერი შიმშილის დროს, ქსოვილების კვდომის შედეგად, ფოთლის ფირფიტაზე ჩნდება ყავისფერი და მურა ფერის ლაქები. ასეთი ფოთლები და ფოჩი ნაადრევად ხმება და ფოთლები ცვივა.
კ ა ლ ც ი უ მ ი . კალციუმით შიმშილით დროს , კარტოფილის ზედა ფოთლები ძნელად იშლება, ყლორტის ზრდის წერტილები ხმება. კარტოფილის ზრდა – განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს კალციუმის სიჭარბეც, განსაკუთრებით მოკირიანების ჩატარების შემდეგ, რადგან კალციუმი აძნელებს ბ ო რ ი ს შეთვისებას. აღნიშნულის გამო მცენარე კნინდება, ფოთოლი იგრიხება, ტუბერების მოსავალი მცირდება. კალციუმით ჭარბი კვებისას ტუბერები ზიანდება ქეცით.
კარტოფილის კულტურისათვის , სხვა ელემენტებთან ერთად , დიდი მნიშვნელობა აქვს რ კ ი ნ ა ს და გ ო გ ი რ დ ს, რომელთა მოთხოვნილება ძირითადად ნიადაგის ხარჯზე კმაყოფილდება. მისი მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღების საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ბ ო რ ი ს, თ უ თ ი ი ს, მ ა ნ გ ა ნ უ მ ი ს, მ ო ლ ი ბ დ ე ნ ი ს და ს პ ი ლ ე ნ ძ ი ს შემცველ მიკროელემენტებს.
კარტოფილის მოთხოვნილება საკვებ ელემენტებზე
კარტოფილი საკვებ ნივთიერებებისადმი მაღალ მომთხოვნი კულტურაა. ის ფართობის ერთეულზე დაახლოებით, სამჯერ მეტ მშრალ ნივთიერებას იძლევა, ვიდრე მარცვლოვანი კულტურები. კარტოფილი, პურეულთან შედარებით, ნიადაგიდან ითვისებს სამჯერ მეტ კალიუმს და 1,5-ჯერ მეტ აზოტს. ამიტომ მას კალიუმის მოყვარულ მცენარეს უწოდებენ.
კარტოფილის მოთხოვნილება საკვები ნივთიერებებისადმი განვითარების ფაზების მიხედვით ერთნაირი არაა. მათი შეთვისების ინტენსივობა დამოკიდებულია ნიადაგის ნაყოფიერებაზე და მასში საკვები ელემენტების შემცველობაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე, აგროტექნოლოგიური ღონისძიებების დონეზე და სხვ. კარტოფილი განვითარების პირველ პერიოდში, – აღმოცენებიდან დაკოკრების დაწყებამდე, განსაკუთრებით ინტესიურად ითვისებს ა ზ ო ტ ს, რომელსაც ხარჯავს საასიმილაციო აპარატის ფორმირებისათვის.
კარტოფილის ქვეშ აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფაზე, შეტანილი სასუქების რაოდენობაზე, ჯიშურ თავისებურებაზე, დაგეგმილი მოსავლის დონეზე. კლიმატურ პირობებზე და სხვა.
კარტოფილის ქვეშ ორგანული სასუქის ნორმის დადგენა საჭიროა მოხდეს ნიადაგის ნაყოფიერებისა და მექანიკური შედგენილობის მიხედვით. მაგალითად: საშუალო ნაყოფიერების მქონე თიხნარებზე საკმარისია 30ტ. ნაკელი; გამოფიტულ, ჩამორეცხილ ნიადაგებზე და ქვიშნარებზე 40-60 ტ/ჰა, ხოლო მაღალი ნაყოფიერების მქონე შავმიწაზე 20 ტ/ჰა. ნაკელის უფრო მაღალი ნორმების გამოყენება გაუმართლებელია არა მარტო ეკონომიურად, არამედ აგრონომიული თვალსაზრისითაც, ვინაიდან მწვანე მასის გაძლიერებულ ზრდას იწვევს, რაც აპირობებს ტუბერების ზრდისა და დამსხვილების შენელებას, შესაბამისად მოსავლის შემცირებას. კარგ შედეგს იძლევა კარტოფილის განოყიერების სისტემაში 10-15 ტ ბიოჰუმუსის ჩართვა.
ა ზ ო ტ ი ს დიდი ნორმის გამოკვებაში, რიგთაშორისების მეორე და მესამე დამუშავებისას გამოყენება, რგვის დროს შეტანასთან შედარებით მოსავლის შემცირებას იწვევს. ამ პერიოდში აზოტის შეტანა აპირობებს ამ კულტურის მიწისზედა მწვანე ნაწილის მძლავრ ზრდას, რითაც აფერხებს ტუბერების განვითარებას და დამსხვილებას, რაც საბოლოო ჯამში მოსავლის შემცირებას იწვევს. აქედან გამომდინარე გამოკვებაში აზოტის ნორმა შეტანილი უნდა იქნას რიგთაშორისების პირველი დამუშავებისას.
ფ ო ს ფ ო რ ი ს ა და კ ა ლ ი უ მ ი ს ნორმა კარტოფილის ქვეშ დამოკიდებულია ნიადაგში მათი მოძრავი ფორმების შემცველობაზე. ფოსფორით საშუალოდ უზრუნველყოფილ ნიადაგებზე N:P2O5 შეფარდება უნდა შეადგენდეს 1:0,7-0,8, ღარიბ ნიადაგებზე – 1:1;. ფოსფორის მაღალი შემცველობის ნიადაგებზე შემოიფარგლებიან მხოლოდ თესვის დროს ფოსფორიანი სასუქების P 15-20 ან P 20-40 კგ ნორმის შეტანით.
ნიადაგის კალიუმით საშუალო უზრუნველყოფის შემთხვევაში, სახამებლის მაღალი შემცველობის მქონე ჯიშების მოყვანისას N:K შეფარდებამ სასუქში უნდა შეადგინოს 1:1,5-1,6. გაცვლითი კალიუმის მაღალი შემცველობის მქონე მძიმე ნიდაგებზე საკმარისია ორგანულ სასუქთან ერთად, რგვის დროს K 15-20 ან K 20-40 კგ/ჰა შეტანა.
კარტოფილის საშუალო მოსავალია 30-40 ტ/ჰა. ხოლო მისი მაღალი მოსავალი 45-55 ტ/ჰა. ასეთი მოსავლის დროს შესატანი „NPK“ რაოდენობა შემდეგია.
კარტოფილის საშუალო 30-40 ტ/ჰა მოსავლისათვის საჭიროა ნიადაგში შევიტანოთ N-150 კგ/ჰა, P2O5-100 კგ/ჰა, K2O 240 კგ/ჰა.
კარტოფილის მაღალი 45-55 ტ/ჰა მოსავლისათვის საჭიროა ნიადაგში შევიტანოთ N-200 კგ/ჰა, P2O5-140 კგ/ჰა, K2O 320 კგ/ჰა.
იმ შემთხვებაში თუ კარტოფილის გასანოყიერებლად გამოვიყენებთ რთულ სასუქს 8-20-30, აზოტიან სასუქად ამონიუმის გვარჯილას (34 % აზოტი) და კალიუმიან სასუქად კალიუმის სულფატს (50 % კალიუმი), – მაშინ აღნიშნული სუქები ფიზიკური წონით შეიტანება შემდეგი რაოდენობით.
კატროფილის საშუალო 30-40 ტ/ჰა მოსავლის დროს:
კარტოფილის თესვისას მცენარიდან 5-7 სმ ქვემოთ ან გვერდზე შეიტანება რთული სასუქი 8-20-30 ფიზიკური წონით –500 კგ/ჰა (რომელსაც შეყვება N 40 კგ, P2O5 100 კგ, K2O 150 კგ სუფთა ნივთიერება).
გამოკვებაში საჭიროა :
მცენარეს მიეწოდება ამონიუმის გვარჯილა ფიზიკური წონით 324 კგ/ჰა (სუფთა ნივთიერება N 110 კგ).
კალიუმის სულფატი ფიზიკური წონით 180 კგ ( სუფთა ნივთიერება K2O 90 კგ) .
კარტოფილის მაღალი 45-55 კგ/ჰა მოსავლის დროს:
კარტოფილის თესვისას მცენარიდან 5-7 სმ ქვემოთ ან გვერდზე შეიტანება რთული სასუქი 8-20-30 ფიზიკური წონით –700 კგ/ჰა (რომელსაც შეყვება N – 56 კგ, P2O5 – 140 კგ, K2O – 210 კგ სუფთა ნივთიერება).
გამოკვებაში საჭიროა :
მცენარეს მიეწოდება ამონიუმის გვარჯილა ფიზიკური წონით 424 კგ/ჰა (სუფთა ნივთიერება N – 144 კგ)
კალიუმის სულფატი ფიზიკური წონით 180 კგ ( სუფთა ნივთიერება K2O – 90 კგ).
დამატებითი რჩევები
- კალიუმიან სასუქად კარტოფილის განოყიერებისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ კალიუმის სულფატი. რადგან კარტოფილი ქლორის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, კალიუმიან სასუქად კალიუმის ქლორიდის (შეიცავს 60 % კალიუმს) გამოყენება არ შეიძლება.
- სასურველია კარტოფილის მოყვანისას შევინარჩუნოთ ნიადაგის pH 5,5-6,0 ინტერვალში.
- კარტოფილის ძირითად მოსავალს აზოტი, ფოსფორი და კალიუმი ქმნის. მაგრამ მიკროელმენტების გამოყენებაც აუცილებელია. ისინი გამოიყენება კარტოფილის თესლის დამუშავებისას და 1-2 ფოთლის ფაზაში.
- მორწყვა – კარტოფილი კალიუმის დიდ ნაწილს იღებს ტუბერის დამსხვილების ფაზაში, ხოლო წყლის დეფიციტი ამცირებს კალიუმის ათვისებას.
კარტოფილის მავნებლები, სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დავადებები
ძირითადი მავნებლები:
- კოლორადოს ხოჭო (leptinotarsa decemlineata) – ყველაზე ცნობილი მავნებელია. იკვებება ფოთლებით, სწრაფად ანადგურებს მთელ ბუჩქს. აქვს რამდენიმე თაობა.
- მავთულა ჭიები (Agriotes spp.)- ნიადაგში მცხოვრები ლარვები, აზიანებს ტუბერებს, იწვევს ხვრელებს, რაც ამცირებს კომერციულ ღირებულებას.
- თრიფსები(Thrips tabaci) ფოთლების დაზიანება და ვირუსის გადატანა.
- ნემატოდები (Globodera rostochiensis, G. pallida) კარტოფილის ცისტური ნემატოდა. იწვევს ბუჩქის ჩამორჩენას, მოსავლის მკვეთრ კლებას.
- ბუგრები, ხოჭოები და სხვა. ადგილობრივ პირობებში შესაძლებელია ნიადაგის სხვადასხვა მავნებელი.
ძირითადი სოკოვანი დაავადებები:
- ფიტოფტორა (Phytophtora infestans) ყველაზე საშიში სოკოვანი დაავადებაა. აზიანებს ფოთლებს, ღეროებსა და ტუბერებს.
- ალტერნარიოზი (Alternaria solani) ფოთლებზე მუქი რგოლოვანი ლაქები.
- ფუზარიოზი – მშრალი ლპობა (Fusarium spp.) ტუბერების დაზიანება ძირითადად შენახვისას.
- ვერტიცილიოზი – ფოთლების მოულოდნელი გაყვითლება და ხმობა.
ბაქტერიული დაავადებები
- ბაქტერიული ჭკნობა (Ralstonia solanacearum) სწრაფი ჭკნობა და ფესვებიდან ბაქტერიული ლორწოს გამოყოფა.
- შავ ფეხა (Pectobacterium, Dickeya spp.) ღეროს შავი ლპობა, ტუბერების ნესტიანი ლპობა.
- რბილი ლპობა (Erwinia spp.) განსაკუთრებით საწყობში, იწვევს ტუბერების დარბილებას და სუნიან ლპობას.
ვირუსული დაავადებები
- Y ვირუსი, – იწვევს გაყვითლებას, მოსავლის შემცირებას.
- X ვირუსი, – ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ მოსავლიანობას ამცირებს.
პრევენციისათვის საჭიროა:
- კარტოფილის ჯანსაღი თესლი (სერტიფიცირებული).
- თესლბრუნვა, კარტოფილი იმავე ნაკვეთს უნდა დაუბრუნდეს 4 – 5 წლის შემდეგ.
- დროული წამლობა (სოკოს საწინააღმდეგო, – განსაკუთრებით ფიტოფ-ტორაზე)
- მავნებელთა კონტროლი (კოლორადოს ხოჭო, მავნებლები)
- კარტოფილის სწორად შენახვის პირობები: ტემპერატურა +3 – +4 0C, ჰაერის ტენიანობა 85 – 90 %.