სს ,,რუსთავის აზოტი ინდორამას“ ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე,

ქიმიის აკადემიური დოქტორი: ვალერი მაჭარაშვილი

დღეისათვის აღარავისათვისაა სადავო, რომ დედამიწაზე მზარდი მოსახლეობის კვებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე სასოფლო – სამეურნეო კულტურების სათანადო წარმოება შეუძლებელია, რადგანაც ნიადაგში არსებული მინერალური ნივთიერებების მარაგები მცენარეების მიერ გამოიტანება და საჭიროებს შევსებას.

იქ, სადაც მინერალური სასუქების გამოყენების აუცილებლობა დგება, იქვე იჩენს თავს ამ სასუქების ხარისხობრივი მახასიათებლები, მათი შესაბამისობა სათანადო დარგობრივ სტანდარტებთან, სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული ერთიდაიგივე სახეობის პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების უპირატესობები და ა.შ. ამ საკითხში მომხმარებელთა არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო, ხშირად გამოტანილი დასკვნები მცდარი და არაჯეროვანია.

სააქციო საზოგადოება ,,რუსთავის აზოტი-ინდორამა“ მინერალური სასუქების და სამრეწველო ქიმიკატების უმსხვილესი მწარმოებელია ამიერკავკასიაში. ადგილობრივ საწარმო მოედანზე აწარმოებს აზოტოვანი მინერალური სასუქებიდან ამონიუმის გვარჯილას და ამონიუმის სულფატს. ასევე მინერალური სასუქების სერიიდან სხვა საწარმო მოედანზე აწარმოებს კომპლექსურ სასუქებს აზოტი+ფოსფორი+კალიუმის (NPK), სხვადასხვა შემცველობით.

ამონიუმის გვარჯილა სააქციო საზოგადოება ,,რუსთავის აზოტი – ინდორამას ერთ ერთი ძირითადი სამრეწველო პროდუქტია, წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი მიემართება ექსპორტზე პლანეტის ყველა კონტინენტის მრავალ ქვეყანაში. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს მიერ წარმობული პროდუქციის წილი მცირეა, წარმოებულ პროდუქციის რაოდენობასთან შედარებით. რუსთავის აზოტში წარმოებული პროდუქტებისათვის ხარისხის კონტროლი და მართვა ტრადიციულად ყოველთვის წარმოადგენდა და ამჟამადაც წარმოადგენს პრიორიტეტს წარმოების მენეჯმენტისათვის. რუსთავის აზოტი-ინდორამასათვის საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ბაზრებზე მოპოვებული ნდობა და ავტორიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ამიტომაცაა, რომ ხარისხის სათანადო კონტროლის და მართვის განხორციელებას 12 ათეულზე მეტი ადამიანი ემსახურება წარმოებაში.

ამონიუმის გვარჯილის მიღება მოიცავს მთელ რიგ ტექნოლოგიური პროცესების ერთობლიობას, რომელსაც ატმოსფერულ ჰაერში არსებული აზოტიდან მივყავართ ამონიუმის გვარჯილის გრანულებამდე. სწორედ ჰაერის შემადგენლობაში არსებული აზოტია ის ნედლეული, რომლიდანაც მიიღება ამონიუმის გვარჯილის

წარმოებისათვის საჭირო პირველი ნახევარპროდუქტი ამიაკი – NH3, ამიაკის შედგენილობაში მყოფი მეორე ელემენტი წყალბადია, რომელიც თავის მხრივ ბუნებრივი აირისა და წყლისგანაა მიღებული. ამიაკიდან იწარმოება მეორე ნახევარპროდუქტი აზოტმჟავა – HNO3, რომელიც ამიაკის კატალიზური დაჟანგვის შედეგად მიღებული აზოტის დიოქსიდის წყალთან ქიმიური ურთიერთქმედებითაა მიღებული. ბოლო სტადიაზე კი ადგილზე წარმოებული ამიაკისა და აზოტმჟავას ურთიერთქმედებით სწორედ ამონიუმის გვარჯილა იწარმოება. წარმოების თითოეულ ეტაპზე მკაცრ ხარისხობრივ კონტროლს გადის როგორც წარმოებაში შემოსული თითოეული ნედლეული, ასევე ყველა ტექნოლოგიურ სტადიაზე მიმდინარე გარდაქმნები და საბოლოოდ მზა პროდუქტი. ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის ამონიუმის გვარჯილის ხარისხის შემოწმება, ან სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებულ ამონიუმის გვარჯილასთან შედარება შეუძლებელია, რადგანაც ამონიუმის გვარჯილის ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოწმებისათვის სპეციალური ლაბორატორიული აღჭურვილობა და სათანადო ცოდნაა საჭირო. მაინც რა ხარისხობრივი მაჩვენებლები განსაზღვრავს ამონიუმის გვარჯილის მაღალ ხარისხს? ეს არის 10 მაჩვენებელი, რომელიც სტანდარტიზებულია საერთაშორისო სტანდარტებით და თითოეულ მათგანს გააჩნია მკაცრად განსაზღვრული ნორმები, რომელთაგანაც ერთის დარღვევის შემთხვევაშიც პროდუქცია წუნდებულად მიიჩნევა.

ჩვენს წარმოებაში ხორციელდება ხარისხის ყოველსაათური უწყეტი მონიტორინგი, რასაც ემატება პროდუქციის მიღება პარტიებად და დამატებითი ხარისხის კონტროლი წუნდებული პროდუქციის გამოსავლენად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დავიწყოთ ხარისხობრივი მაჩვენებლების განხილვა იმავე რიგითობის მიხედვით, როგორც ეს საეთაშორისო სტანდარტებითაა გათვალისწინებული:

აზოტის მასური წილი. ამონიუმის გვარჯილის ნებისმიერი მწარმოებელი, რომელიც ამონიუმის გვარჯილას იმავე საეთაშორისო სტანდარტით აწარმოებს, როგორც ჩვენი წარმოება, აზოტის მასური წილის ნორმა არა ნაკლებ 34,4 % – ია. მაგრამ ,,რუსთავის აზოტი-ინდორამა“ – ში წარმოებული ამონიუმის გვარჯილაში აზოტის მასური წილი 34,76 – 34,78 % -ს აღწევს, რაც გამოარჩევს მას სხვა მწარმოებლებისაგან. მომხმარებლისათვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ 1 ტონა ამონიუმის გვარჯილის შეძენისას ის 10 კგ – ით მეტ ამონიუმის გვარჯილას ყიდულობს, ვიდრე 34,4 % – იანი ამონიუმის გვარჯილის ყიდვისას. რუსთავის აზოტი-ინდორამაში წარმოებული პროდუქციის თითოეული პარტია აღჭურვილია შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატით, სადაც დეტალურადაა გაწერილი პროდუქციის სტანდარტული და ფაქტიური ხარისხობრივი მაჩვენებლები.

წყლის მასური წილი. პროდუქციულ ამონიუმის გვარჯილაში წყლის შემცველობის განსაზღვრა მომხმარებლის მიერ წარმოუდგენელია, ამავე დროს ამონიუმის გვარჯილა ჰიგროსკოპული ნივთიერებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი

 

შეითვისოს წყალი, რომელიც ატმოსფეროში იმყოფება. ამ დროს იზრდება ამონიუმის გვარჯილის მასა, მცირდება მას ში აზოტის მასური წილი, იზრდება შეგოზვის ალბათობა და ა. შ. ჩვენს წარმოებაში წარმოებული ამონიუმის გარჯილაში წყლის მასური წილი 0,16 – 0,18 % – ის ფარგლებში ცვალებადობს, როდესაც სტანდარტით 0,3 % – მდე წყლის შემცველობა დასაშვებია.

➢ 10 % – იანი წყალხსნარის pH. ეს მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მაჩვენებელია, რომელიც უშუალოდ განაპირობებს ნიადაგის მჟავიანობის გაზრდის ტენდენციას, რასაც შემდეგ ნიადაგის მოკირიანების აუცილებლობამდე მიჰყავს მომხმარებელი. სტანდარტით ამონიუმის გვარჯილის 10 % – იანი წყალხსნარის pH არა ნაკლებ 5,0 – ს უნდა შეადგენდეს, ხოლო რუსთავის აზოტი – ინდორამაში წარმოებულ ამონიუმის გვარჯილაში 10 % – იანი წყალხსნარის pH 6,2 – 6,4 ფარგლებში ცვალებადობს. მომხმარებელს შევახსენებთ, რომ რაც უფრო დაბალია pH – ის მაჩვენებელი, მით უფრო მჟავური ბუნებისაა სასუქი.

➢ 10 % – იან აზოტმჟავაში უხსნადი ნივთიერებების მასური წილი. ხარისხის ამ მაჩვენებლით ფასდება ამონიუმის გვარჯილის ხსნადობა. რაც უფრო დაბალი იქნება 10 % – იან აზოტმჟავაში უხსნადი ნივთიერებების მასური წილი, ცხადია მომხმარებლისათვის მით უფრო მისაღებია. საერთაშორისო სტანდარტებით ამონიუმის გვარჯილაში დასაშვებია 10 % – იან აზოტმჟავაში უხსნადი ნივთიერებების მასური წილი არა უმეტეს 0,2 %. ხოლო რუსთავის აზოტი – ინდორამაში წარმოებულ ამონიუმის გვარჯილაში ეს მაჩვენებელი 0,02 – 0,03 % -ს არ აღემატება, რაც 7 – 10 ჯერ ნაკლებია დასაშვებ ნორმასთან შედარებით.

➢ გრანულომეტრული შედგენილობა. სამომხმარებლო ბაზარზე ხშირად ისმის ვარაუდები, რომ თითქოს რომელიმე მწარმოებლის მიერ წარმოებული ამონიუმის გვარჯილის გრანულები უფრო მსხვილია. ამონიუმის გვარჯილის გრანულომეტრიული შედგენილობა სტანდარტიზებულია და ყველა მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას ეს სტანდარტი. სტანდარტი გვეუბნება, რომ: ამონიუმის გვარჯილის გრანულები ზომით 1 – 4 მმ უნდა იყოს არა ნაკლებ 95 % – ისა, ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 99,5 – 99,8 %- ის ფარგლებში ცვალებადობს სტატისტიკურად. სტანდარტით ასევე დანორმილია გრანულების ზომა 2 – 4 მმ, რომელიც პროდუქტში არა ნაკლებ 80 % -ს უნდა შეადგენდეს. ეს ფრაქცია ყველაზე ეფექტური ფრაქციაა ამონიუმის გვარჯილაში და ჩვენი პროდუქციისათვის ეს მაჩვენებელი 96 – 98,5 % -ს ფარგლებში ცვალებადობს. სტანდარტით ასევე დანორმილია 1 მმ – ზე ნაკლები ზომის გრანულების (მტვერი) წილი და იგი 3 % – ს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ჩვენს პროდუქტში 1 მმ – ზე ნაკლები ზომის გრანულების მასური წილი 0,2 – 0,3 % -ს არ აღემატება. სტანდარტით აკრძალულია 6 მმ – ზე მეტი ზომის გრანულების არსებობა პროდუქციაში, რომელიც ჩვენი პროდუქციის შემთხვევაში მკაცრად დაცულია. როგორ ვხედავთ, პროდუქციული ამონიუმის გვარჯილის გრანულომერტული შედგენილობა სტანდარტით

 

განსაზღვრულია, ხოლო ჩვენი პროდუქციის შემთხვევაში სტანდარტის დაცვითა და ამავე დროს ეფექტური ფრაქციის მაქსიმალურად მაღალი % – ული შემცველობითაა წარმოდგენილი.

➢ გრანულების სტატიკური სიმტკიცე. კიდევ ერთი სტანდარტული მახასიათებელი არის გრანულების სიმტკიცე, რომელიც განსაზღვრავს რამდენად მდგრადია ამონიუმის გვარჯილის გრანული მასზე მექანიკური ზემოქმედების მიმართ. ამონიუმის გვარჯილა ტომარაში დაფასოებისას, ტომრების ერთმანეთზე დაწყობისას, სატრანსპოტრო საშუალებებში ჩატვირთვისას, დასაწყობებისას განიცდის მექანიკურ ზემოქმედებას. თუკი მექანიკური ზემოქმედების მიმართ განულები არ აღმოჩნდება სათანადო სიმტკიცის, ის დაიფხვნება და ფქვილისებური გახდება, რაც არასასურველია მომხმარებლისათვის. ასევე ფერმერულ მეურნეობებში, სადაც ამონიუმის გვარჯილა სპეციალური გამტყორცნი მანქანებით შეიტანება ნიადაგში, – გრანულების სიმტკიცეს დიდი მნიშვნელობა აქვს. სტანდარტით ამონიუმის გვარჯილის გრანულის სიმტკიცე არა ნაკლებ 800 გრამი/გრანულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ გრანულზე 800 გრამი ტვირთით ზემოქმედებისას, გრანული არ უნდა დაიმსხვრეს. რუსთავის აზოტში წარმოებული ამონიუმის გვარჯილის გრანულების სიმტკიცე 1 200 – 1 350 გრამი/გრანული ზღვრებში ცვალებადობს და 1, 5 – ჯერ აღემატება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

➢ განბნევადობა. ამონიუმის გვარჯილა, როგორც ჰიგროსკოპული ნივთიერება ადვილად შთანთქავს ატმოსფერულ ტენს და მიდრეკილია შეგოზვისაკენ, ამ მოვლენისაგან თავის დასაცავად გამოიყენება სხვადასხვა მაკონდიცირებელი და ანტიშემგოზავი დანამატები. სტანდარტი მოითხოვს, რომ პროდუქციის განბნევადობა უნდა იყოს 100 %. ეს მაჩვენებელი არათუ ნორმაშია ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის შემთხვევაში საგარანტიო პერიოდში, არამედ პროდუქციის განბნევადობა შენაჩუნებულია 3-5 წლის განმავლობაშიც.

➢ მაგნიუმის ნიტრატი. მაგნიუმის ნიტრატია სწორედ ის დანამატი, რომელიც უზრუნველყოფს ამონიუმის გვარჯილის გრანულებისათვის შეგოზვის საწინააღმდეგო თვისებების მინიჭებას. მაგნიუმის ნიტრატს აქვს ქიმიური თვისება შეიკავშიროს ჰიგროსკოპული წყალი და გადაიყვანოს იგი ქიმიურად შეკავშირებულ, კრისტალიზაციურ წყალში. შედეგად მიიღწევა ის რომ ამონიუმის გვარჯილა დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფიზიკურ თვისებებს. მაგნიუმის ნიტრტატი გარდა ანტიშემგოზავი დანამატისა, მცენარისათვის ერთ-ერთი შეუცვლელი მიკროელემენტია, რადგანაც იგი შედის ქლოროფილის სტრუქტურაში, რომელზეც მიმდინარეობს მცენარისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, – ფოტოსინთეზი. სტანდარტის მიხედვით მაგნიუმის ნიტრატის გარდა, შესაძლებელია სხვა ანტიშემგოზავი ნივთიერებების გამოყენებაც, მაგრამ ისინი მაგნიუმის, ან სხვა მიკროელემენტების შემცველობისანი არ არიან.

 

ამავე სტანდარტის მიხედვით მაგნიუმის ნიტრატიანი დანამატის გამოყენებისას, მისი შემცველობა ამონიუმის გვარჯილაში 0,2 – 0,5 % – ის ფარგლებში უნდა იყოს MgO – ზე გადათვლით. ჩვენს მიერ წარმოებულ ამონიუმის გვარჯილაში მაგნიუმის ნიტრატის შემცველობა 0,30 – 0,35 % ზღვრებში ცვალებადობს MgO – ზე გადათვლით და მომხმარებლები დაცულები არიან მცენარეში მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული დაავადებებისაგან.

➢ ორგანული ანტიშემგოზავი დანამატი. ამონიუმის გვარჯილის გრანულების ვიზუალური დათვალიერებისას მომხმარებლისათვის წარმოუდგენელია, რომ თითოეული ბურთულა შემოგარსულია ჰიდროფობური მიკროსკოპული ფენით, რომელიც წარმოადგენს ბარიერს ატმოსფერული ტენისათვის, რომ შეაღწიოს გრანულში. ეს არის დამატებითი დაცვა პროდუქციისათვის წყლის შეღწევისაგან დასაცავად. ჩვენს მიერ წარმოებულ ამონიუმის გვარჯილაში ორგანული ანტიშემგოზავი დანამატის შემცველობა 0,05 – 0,15 % – ის ფარგლებში ცვალებადობს, ხოლო სტანდარტით არა უმეტეს 0,2 % – მდე დასაშვებია. ორგანული ანტიშემგოზავი დანამატი გარდა ზემოთაღნიშნული თვისებისა, ნიადაგში შეტანისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან თვისებას ავლენს: იგი ხელს უშლის ამონიუმის გვარჯილის ერთბაშად გახსნას დაწვიმებისას და მის გრუნტში ჩარეცხვას. იგი განაპირობებს მკვებავი ელემენტების ხანგრძლივ მიწოდებას მცენარისადმი.

➢ ტოქსიკური ელემენტების შემცველობა. ამონიუმის გვარჯილა არ უნდა შეიცავდეს ისეთ ტოქსიკურ ელემენტებს, როგორიცაა: კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია, დარიშხანი და ქრომი. აღნიშნული ელემენტები არ უნდა მოხვდეს გრუნტიდან მცენარეში, ხოლო შემდეგ ადამიანში, რათა არ გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. ჩვენს მიერ წარმოებულ ამონიუმის გვარჯილაში მკაცრ კონტროლზეა აყვანილი ზემოჩამოთვლილი ელემენტების შემცველობა, რომლებიც ნულოვანი შემცველობითაა პროდუქტში.

 

გარდა ზემოთჩამოთვლილი ხარისხობრივი მაჩვენებლებისა, ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტირებისას დამატებით ხორციელდება შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ ისეთი პარამეტრების განსაზღვრა, როგორიცაა ზეთის შეწოვა და დეტონაციური მედეგობა, რათა ამონიუმის გვარჯილა სხვა მიზნებისათვის არ იქნას გამოყენებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *