საქართველოში მზესუმზირა ძირითადად მოჰყავთა გარე კახეთის ზეგანზე – დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და საგარეჯოს რაიონებში ე.ი. ქარისმიერი ეროზიის ზონებში, ამიტომ აღნიშნულ პირობებში სასურველია ნიადაგის ხნულის ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნებით ხვნა.
მზესუმზირა სიცივე და გვალვა გამძლე მცენარეა. მას აქვს მთავარღერძა ფესვთა სისტემა, ამიტომ იგი ნიადაგის ღრმა ფენებიდან იყენებს წყალსა და მასში გახსნილ საკვებ ელემენტებს.
საქართველოში მზესუმზირის ნათესი ფართობი 22 ათას ჰექტრამდე მერყეობს სხვადასხვა წლების მიხედვით.
მზესუმზირა აზოტის ნაკლებობისას შეფერხებით იზრება და ღია შეფერილობას იღებს, ასევე შეფერხებულია კალათის განვითარებაც. ზედმეტი დოზით განოყიერება კი მასში ზეთის შემცველობის შემცირებას იწვევს.
მზესუმზირას აზოტზე ყველაზე მეტი საჭიროება აქვს კალათის ფორმირებისას და იგი გრძელდება ყვავილობის დამთავრებამდე. მზესუმზირას მარცვლეულ კულტურებთან შედარებით 2-ჯერ მეტი აზოტი გამოაქვს ნიადაგიდან.
მზესუმზირას ორგანული სასუების ფონზე სჭირდება აზოტიანი სასუქები 60 კგ საკვებ ელემენტზე გადაანგარიშებით, ანუ ამონიუმის გვარჯილა უნდა შევიტანოთ 176 კგ, ან ამონიუმის სულფატი 285 კგ ფიზიკურ წონაზე გადაანგარიშებით ერთ ჰექტარ ფართობზე.
მზესუმზირას ორგანული სასუქების გარეშე სჭირდება აზოტიანი სასუქები 90 კგ ჰექტარზე საკვებ ელემენტზე გადაანგარიშებით, ანუ ამონიუმის გვარჯილა უნდა შევიტანოთ 264 კგ, ან 430 კგ ამონიუმის სულფატი ფიზიკურ წონაზე გადაანგარიშებით ერთ ჰექტარ ფართობზე.
ფერმერებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ ამ მონაცემებით მათი ნაკვეთების გასანოყიერებლად, მაგრამ თუ ისინი ჩათვლიან, რომ მოსავალი შედარებით ნაკლებია და მათ სურთ მეტის მიღება, მაშინ უნდა აიღონ ნიადაგის ნიმუშები და ლაბორატორიაში ჩაატარონ გამოკვლევა. ამის შემდეგ გამოიყენონ სასუქები ლაბორატორიის რეკომენდაციის შესაბამისად.
© copyright