აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, აკადემიური დოქტორი – ნინა მუმლაძე
მზესუმზირას თესლბრუნვაში ათავსებენ საშემოდგომო ან საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების, ან პარკოსანი მარცვლოვნების (ლობიოს გარდა) შემდეგ. მზესუმზირა სიცივისადმი და გვალვისადმი მაღალი გამძლეობით გამოირჩევა. მას გააჩნია ძლიერი მთავარღერძა, გვერდითი განტოტვის მქონე ფესვთა სისტემა, რომელიც 2-4 მეტრამდე აღწევს ნიადაგის სიღრმეში. ჰორიზონტალურად 1-1,5 მეტრამდე ვრცელდება, რის გამოც კარგად იყენებს ნიადაგის ღრმა ფენებში არსებულ წყლისა და საკვები ელემენტების ხსნადი და ძნელადხსნადი შენაერთების მარაგს. მზესუმზირას მოთხოვნილება ნიადაგური პირობების მიმართ დიდი არ არის, ის კარგად ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ მისთვის ყველაზე ხელსაყრელია ნეიტრალური არეს რეაქციის მქონე შავმიწა და ალუვიური ნიადაგები. მიუღებელია მსუბუქი ქვიშნარი, დაჭაობებული და კარბონატების მაღალი შემცველობის ნიადაგები. ეს კულტურა ვერ იტანს მჟავე და ძლიერ მლაშე ნიადაგებს.
საკვები ელემენტების სიმცირისა და სიჭარბის სიმპტომები მზესუმზირისათვის
ა ზ ო ტ ი . მზესუმზირა აზოტის მიმართ შედარებით ნაკლებ მომთხოვნი კულტურაა და ნიადაგის ღრმა ფენებიდანაც შეუძლია ამ ელემენტის შეთვისება. აქედან გამომდინარე, აზოტის სიმცირის სიმპტომები შეინიშნება მხოლოდ დაბალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგზე, საკვებ ელემენტებზე ინტენსიური მოთხოვნის პერიოდში, რაც გამოიხატება მცენარის ზრდა – განვითარების შეფერხებაში, ფოთლების ღია მწვანე შეფერილობასა და მცირე ზომის კალათის განვითარებაში. არასასურველ შედეგს იძლევა აზოტის ჭარბი კვებაც. რადგან ის განაპირობებს აჩოყებულ ზრდას და მზესუმზირას თესლში ზეთის შემცველობის ძლიერ შემცირებას.
ფ ო ს ფ ო რ ი. ფოსფორის სიმცირე აფერხებს მზესუმზირის ფესვთა სისტემის, მიწისზედა და გენერაციული ორგანოების ზრდა – განვითარებას. მცენარის ფოთლებს აქვს მუქ – მწვანე შეფერილობა და ხანგრძლივი შიმშილის დროს წვერიდან იწყებს ხმობას. კალათაში იზრდება განუვითარებელი თესლების რიცხვი. ამასთან, ადგილი აქვს ზეთის შემცველობის ძლიერ შემცირებას.
კ ა ლ ი უ მ ი. ამ ელემენტის სიმცირე იწვევს მზესუმზირის ფოთლის „კიდეების სიდამწვრეს“. ხანგრძლივი შიმშილის დროს ქსოვილის ხმობა ვრცელდება ფოთლის შუა ნაწილშიც, რის გამოც ადგილი აქვს მცენარის დაკნინებას, მცირე ზომის კალათის წარმოქმნას და თესლში ზეთის შემცველობის მკვეთრ შემცირებას. ასევე მცირდება მცენარის გამძლეობა გვალვისა და დაავადებების მიმართ.
მ ა გ ნ ი უ მ ი. მაგნიუმის მცირე შემცველობისას, მზესუმზირის ქვედა ფოთლები იღებენ მომწვანო-მოყვითალო და ყვითელ შეფერილობას, ადგილი აქვს ფოთლის ფირფიტის ხმობას და ზეთის შემცველობის შემცირებას.
კ ა ლ ც ი უ მ ი. კალციუმით შიმშილით დროს, ხმება ფესვებისა და ყლორტის ზრდის წერტილები, მინიმუმამდე მცირდება მოსავალი და ზეთის შემცველობა.
ბ ო რ ი. ბორით შიმშილის დროს ხმება ყლორტებისა და ფესვების ზრდის წერტილები. კალათაში იზრდება სტერილური ყვავილების და განუვითარებელი თესლების რიცხვი, რაც განპირობებულია მტვრის მარცვლების განაყოფიერების უნარის დაკარგვით. ამ ელემენტით ჭარბი კვება იწვევს მახინჯი კალათის წარმოქმნას.
მზესუმზირის მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე
ა ზ ო ტ ს მზესუმზირა ყველაზე მეტი რაოდენობით იყენებს, -კალათის გაკეთებიდან ყვავილობის დამთავრებამდე.
ფ ო ს ფ ო რ ს – აღმოცენებიდან ყვავილობამდე.
კ ა ლ ი უ მ ს – კალათის განვითარებიდან სიმწიფემდე.
ეს კულტურა ძალზე კარგად ითვისებს როგორც ნიადგის, ისე ადრე შეტანილი ფოსფორ – კალიუმიანი სასუქების ფოსფორს და კალიუმს. მას ფოსფორის შეთვისება შეუძლია ძნელადხსნადი კალციუმის, რკინისა და ალუმინის ფოსფატებიდან. ის მშრალი მასის 65 %-ს აგროვებს კალათის ფორმირების და თესლის განვითარების ფაზაში, დაახლოებით 1,5 თვის განმავლობაში.
მზესუმზირა საკვები ელემენტების მიმართ საკმაოდ მომთხოვნია. მას, თავთავიან პურეულთან შედარებით, ნიადაგიდან ორჯერ მეტი აზოტი, ფოსფორი და შვიდჯერ მეტი კალიუმი გამოაქვს.
იმისათვის რომ დავადგინოთ მზესუმზირის განოყიერებისათვის საჭირო აზოტის, ფოსფორის და კალიუმის საჭირო დოზები, – საუკეთესო გამოსავალია ნიადაგის და ფოთლის ანალიზის ჩატარება.
სარწყავ და ურწყავ პირობებში მზესუმზირის გასანოყიერებელად გამოყენებული სასუქების დოზები განსხვავებულია.
უ რ წ ყ ა ვ პირობებში მზესუმზირის კვება
(ეს არის ზოგადი სახელმძღვანელო. უკეთესი შედეგისათვის საჭიროა ნიადაგის ანალიზი)
- დათესვამდე, N-P-K 8-20-30 შეიტანება 150 კგ/ჰა.
- ვეგეტაციის დასაწყისი (4-6 ფოთლის ფაზა) შეიტანება ამონიუმის გვარჯილა (34 % აზოტი) 70-80 კგ/ჰა ( შეთვისება დამოკიდებულია ნიადაგის ტენზე).
- დამატებით კალიუმი (თუ ნიადაგი ღარიბია), კალიუმის სულფატის სახით ( შეიცავს 50 % კალიუმს) 40-60 კგ/ჰა.
ჯამში: რთული სასუქი N-P-K 8-20-30 –150 კგ/ჰა;
ამონიუმის გვარჯილა( 34 % N)—70-80 კგ/ჰა;
კალიუმის სულფატი( 50 % K2O)—40-60 კგ /ჰა ( მხოლოდ საჭიროებისას)
შენიშვნა: ურწყავ პირობებში მთავარია ფესვები თავიდანვე ძლიერად განვითარდეს, ამიტომ ფოსფორი უნდა მივაწოდოთ თავიდანვე. სარწყავ პირობებში მცენარე სრულად იწყებს კვებას, ამიტომ შეგვიძლია მეტი მოსავალი მივიღოთ.
ს ა რ წ ყ ა ვ პირობებში მზესუმზირის კვება:
- დათესვამდე ან დათესვისას N-P-K 8-20-30 შეიტანება 200-250 კგ/ჰა.
შესაძლებელია მცირე რაოდენობით N-P-K 15-15-15 ( 100-150 კგ/ჰა), თუ აზოტი დასაწყისშივე გვჭირდება.
2. ვეგეტაციის დასაწყისში (4-6 ფოთლის ფაზა) ამონიუმუს გვარჯილა ( 34 % აზოტი) 100-120 კგ/ჰა.
3. ყვავილობამდე (კალიუმით მომარაგება) შეიტანება კალიუმის სულფატი (შეიცავს 50 % კალიუმს) 70-100 კგ/ჰა. სურვილისამებრ შეიძლება მცირე რაოდენობით 50-70 კგ/ჰა კომპლექსური სასუქის N-P-K 15-15-15 გამოყენებაც ფოთლის მასის გასაზრდელად.
ჯამში: რთული სასუქი 8-20-30 შეიტანება – 200-250კგ/ჰა;
ამონიუმის გვარჯილა( 34% N) – 100-120კგ/ჰა;
კალიუმის სულფატი( 50% K2O)—70-100-კგ /ჰა.
შენიშვნა: ურწყავ პირობებში აზოტის დოზა ზომიერი უნდა იყოს, (თუ ძლიერი გვალვაა, აზოტის დოზა არ მიეცემა ერთჯერადად, მიეცემა წილადობრივად) რომ მცენარე ზედმეტად არ გაიზარდოს და გვალვამ არ დააზიანოს. სარწყავში კი შეგვიძლიათ მეტი აზოტის და კალიუმის მიცემა, რადგან წყალი შეზღუდული აღარ არის.
მ ო რ წ ყ ვ ი ს კ რ ი ტ ი კ უ ლ ი პ ე რ ი ო დ ე ბ ი
მზესუმზირა განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის დეფიციტზე, განვითარების შემდეგ ეტაპებზე:
- აღმოცენება და პირველი ფოთლების გამოჩენა (ამ დროს მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ტენზე);
- ვეგეტატიური მასის ზრდა (ფოთლისა და ღეროს ზრდა) სასურველია რეგულარული სარეზერვო ტენი ნიადაგის 20-30 სმ-ში.
- ყვავილობა, წყლის დეფიციტი ამ დროს მნიშვნელოვნად ამცირებს თესლის რაოდენობას და ხარისხს.
- თესლის მასის შევსება, 10-20 დღე ყვავილობის შემდეგ. ამ დროს საკმარისი წყალი პირდაპირ მოქმედებს მარცვლის წონაზე და ზეთის გამოსავალზე.
- წყლის მიწოდება უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 2-3 კვირით ადრე.
მზესუმზირისათვისმორწყვის სამი ყველაზე კრიტიკული პერიოდია, თუ წყალი შეზღუდულია:
- ღეროს სწრაფი ზრდა (კალათის ფორმირება);
- ყვავილობის დასაწყისი;
- თესლის შევსება.
ყურადღებით იყავით მზესუმზირაზეგანსაკუთრებითყვავილობიდანკალათის შევსებამდე, – ეს არის მისი „ ოქროს პერიოდი“. როცა წყლის და საკვები ნივთიერებებისუკმარისობა ყველაზე ცუდად აისახება მოსავალზე.
- იგი დამოკიდებულია კონკრეტულ ნიადაგურ- კლიმატურ პირობებზე და მოყვანის ტექნოლოგიაზე.
ურწყავ პირობებში მზესუმზირის მოსავალი 0,7-2,5 ტ/ჰა (ბევრ რაიონში დიაპაზონი 0.8-1,5 ტ/ჰა.) ძალიან კარგ წლებში და ნიადაგის პირობებში შეიძლება მიაღწიოს 2-2,5 ტ/ჰა.
სარწყავ პირობებში მზესუმზირის მოსავალი 2,5-3,5 ტ/ჰა. ჰიბრიდული თესლით და მაღალი ტექნოლოგიით მოყვანის შემთხვევაში შესაძლებელია მოსავალმა 4-5 ტ/ჰა მიაღწიოს.
მზესუმზირის თესლიშეიცავს 35-50 % ზეთს (დამოკიდებულია ჯიშზე), ამიტომერთი ტონა თესლითმიღებული ზეთის რაოდენობაა350-500 ლ.
მზესუმზირის ძირითადი მავნებლები:
- მზესუმზირის ბუგრი (Aphis gossypii,Aphis fabae ), – იწვევს ფოთლების ჭკნობას და თესლი კარგავს გაღივების უნარს.
- მზესუმზირის ღეროს ბუზი (Ditylenchus destructor) ღეროს შიგნით ჭამს ქსოვილებს, მცენარე წვება.
- ბალახიჭამია ბუგრი (Lygus spp.) აზიანებს ღეროს და ყვავილს.
მზესუმზირის ძირითადი დაავადებები
- სკლეროტინიოზი (Sclerotinia sclerotiorum)-ღეროსა და კალათის თეთრი ლპობა, ტენიან ამინდში მძაფრდება.
- ფომოფსისი (Phomopsis helianthin)-ღეროს გამუქება და გაბზარვა.
- ფომა (phoma macdonaldii) – ღეროსა და ფოთლის ლაქიანობა.
- ფომოფსისი და ალტერნარია-თესლის ხარისხის გაუარესება.
- ჟანგა (Puccinia helianthin) – ფოთლის ქვედა მხარეს წითელ-ყავისფერი ლაქები.
პროფილაქტიკა :
- ჯანსაღი თესლის გამოყენება;
- კულტურათა მონაცვლეობა, – არ დავთესოთ მზესუმზირა მინიმუმ 5-6 წელზე ადრე იმავე ნაკვეთზე;
- მავნებელ-დაავადებების შემთხვევაში გამოვიყენოთ ინსექტიცი-დები და ფუნგიციდები.