მცენარეთა კვებისა და განოყიერების სისტემის შემუშავებისათვის, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა კულტურათა მოთხოვნილება საკვები ნივთიერებებისადმი, მათი ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ არის ერთგვაროვანი. მცენარის მიერ ნიადაგიდან ამოღებული საკვებ ნივთიერებათა რაოდენობა მრავალ პირობაზეა დამოკიდებული: კულტურის ჯიში, ნიადაგის თავისებურება, ჰავა, თესლბრუნვა და კულტურათა მორიგეობის ხასიათი, აგროტექნიკური ღონისძიებების დონე, რწყვის რეჟიმი, გამოყენებული სასუქების ნორმები, ფორმები, შეტანის ვადები, ტექნიკა და სხვა.
აზოტიანი სასუქების მიმართ კულტურათა მოთხოვნილება განისაზღვრება ამ საკვების მოხმარების პერიოდის ხანგრძლიობით. რაც უფრო ხანმოკლეა მცენარის მიერ საკვები ელემენტის ინტენსიური შთანთქმა, მით უფრო მომთხოვნია იგი ნიადაგში ამ ელემენტის მისაწვდომი ფორმის საკმაო რაოდენობით შემცველობაზე და პირიქით.
ყველა აზოტიანი სასუქი, მასში აზოტის ფორმაზე დამოკიდებულებით იყოფა ხუთ ჯგუფად. ამ ეტაპზე განვიხილავთ უფრო მეტად გავრცელებული აზოტიანი სასუქების ძირითად აგროქიმიურ მახასიათებლებს.
ამონიუმის ნიტრატი: აზოტის შემცველობა-არანაკლებ 34,5%, ტენიანობა-არაუმეტეს 0,2; აზოტის ამონიაკური ნაწილი იბოჭება ნიადაგში და არ გამოიტუტვება, ნიტრატული ნაწილი კი რჩება თავისუფალი და მოძრავი, ამიტომ შეიძლება გამოიტუტვოს; ნიადაგს ამჟავიანებს; მისი გამოყენება უფრო მეტად მისაღებია ფუძეებით მაძღარ არამჟავე ნიადაგებისათვის, ან მათი მოკირიანების შემთხვევაში, ასევე სასუქის ნეიტრალიზაციის შემდეგ. 1 ც ნიტრატამონიუმის გასანეიტრალებლად საჭიროა მას დაემატოს 0,75 ც CaCO3. გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურისათვის, ჰიგროსკოპულობის გამო, ნიადაგში მისი შეტანა უმჯობესია მოხდეს მოფანტვით.
ამონიუმის სულფატი (უმაღლესი ხარისხი): აზოტის შემცველობა-არანაკლებ 21%, ტენიანობა-არაუმეტეს 0,2; სასუქის აზოტს კარგად იმაგრებს ნიადაგი და სუსტად გამოირეცხება წყლის მიერ. ამიტომ, ამონიუმის სულფატის აზოტიან სასუქებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა. ნიადაგს ამჟავიანებს. ფუძეებით მაძღარ (შავმიწა, რუხი, ყავისფერი ნიადაგები) და მოკირიანებულ ეწერ-ლებიან ნიადაგებზე მისი გამოყენება, როგორც ძირითადი სასუქისა, არათუ ჩამორჩება აზოტის ნიტრატულ ფორმებს, არამედ შეიძლება აღმოჩნდეს უფრო ეფექტურიც. 1ც ამონიუმის სულფატის გასანეიტრალებლად საჭირო ამას დაემატოს 1,25 ც CaCO3. გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურისათვის, განსაკუთრებით სარწყავი სისტემის არსებობისას. სასუქის ნიადაგში შეტანა უმჯობესია მოხდეს მოფანტვით. შედარებით მსუბუქ ნიადაგებზე აზოტიანი სასუქების მოქმედება მატულობს. გამოტუტვილ და გაეწრებულ ნიადაგებზე მათი მოქმედება ძლიერდება. აზოტის ეფექტურობის მატებასთან ერთად მატულობს სხვა საკვები ნივთიერებების მოქმედებაც.
- ამჯერად განვიხილავთ ამონიუმის ნიტრატისა და ამონიუმის სულფატის როლს საშემოდგომო თავთავიანი კულტურების გასანოყიერებლად
ზოგადი, მოკლე ინფორმაცია ხორბლის კულტურაზე
ხორბალი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. მის ძირითად და პირველად კერად საქართველო ითვლება. ამას ადასტურებს კოლხეთის არქეოლოგიურ განათხრებში (III ათასწლეული ჩვ.ერამდე) ნაპოვნი დანახშირებული ხორბლის მარცვლები. საქართველოში ამჟამადაც გვხვდება ხორბლის ისეთი სახეობანი, რომლებიც სრულიად უცნობია სხვა ქვეყნებისათვის: მახა, ზანდური, დიკა და სხვა.
პურეულიდან ხორბალს, როგორც ძირითად სასურსათო პროდუქტს და მრავალმხრივი გამოყენების კულტურას ყველაზე მეტი გავრცელება აქვს. საქართველოში მას თავთავიან პურეულთა შორის პირველი ადგილი უჭირავს.
ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა პირველი კლასიფიკაციით (კ. ლინე), წმინდა ბოტანიკურ-მორფოლოგიურ ნიშან-თვისებათა საფუძველზე გამოიყო ორი მთავარი ჯგუფი: 1. შიშველთესლიანი ხორბლები (ნამდვილი ხორბლები), 2. კილიან-ასლისებრი ხორბლები.
ჩვენი ქვეყნის კლიმატურ-ნიადაგური პირობების დიდმა სიჭრელემ ხელი შეუწყო ხორბლის ფორმათა და ჯიშების მრავალფეროვნებას და მეტ-ნაკლებად გვხვდება შემდეგი ადგილობრივი და სელექციური ჯიშები: ბეზოსტაია 1, მოწინავე, ახალციხური წითელი დოლი, დოლის პური, თეთრი დოლი, წითელი დოლი, ხულგო, თავთუხი, ადგილობრივი თავთუხი, შავფხა.
- საშემოდგომო ხორბალი
საშემოდგომო ხორბალი მსოფლიოში, საგაზაფხულოსთან შედარებით უფრო მეტადაა გავრცელებული. ეს აიხსნება საშემოდგომო ხორბლის მრავალი უპირატესობით. გაზაფხულის ფორმებთან შედარებით უფრო მაღალმოსავლიანია, ვინაიდან მას უფრო გრძელი სავეგეტაციო პერიოდი აქვს და კარგად იყენებს შემოდგომა-ზამთრის და ადრე გაზაფხულის ტენიან პირობებს, უფრო ადრეც შემოდის და ამის გამო ნაკლებად ზიანდება გვალვისა და ცხელი ქარებისაგან (აოდვა).
საშემოდგომო ხორბალი, საშემოდგომო ქერზე, ჭვავზე და შვრიაზე უფრო მოსავლიანია. აგროტექნიკურ ღონისძიებთა დროული და ხარისხობრივი ჩატარება უზრუნველყოფს მაღალ და მყარ მოსავალს.
- ამონიუმის ნიტრატის და ამონიუმის სულფატის გამოყენება საშემოდგომო ხორბლის გასანოყიერებლად
საშემოდგომო ხორბლები ძირითადად თბილზამთრიან რაიონებში მოჰყავთ. თესლის გაღვივება იწყება 1-2 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისა და თანაბარი ზრდა-განვითარებისათვის საჭირო მაღალი ტემპერატურა (12-15o) არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დაითესოს მაშინ, თესვა უფრო ადრე ვადაში უნდა ჩატარდეს, რათა აცივებამდე, ანუ ვეგეტაციის შეწყვეტამდე დამთავრდეს ბარტყობა.
საშემოდგომო ხორბალი ნიადაგისადმი საკმაოდ მომთხოვნია. კარგად იზრდება ნეიტრალურ, სუსტმჟავიანობის ან მეტად მცირე ხარისხით ტუტეანობისკენ მიდრეკილ (pH=6,0-7,5) ნიადაგებზე. იგი გრძელი დღის მცენარეა, ინვითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას, მაგრამ მიუხედავად ამისა გააჩნია ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებათა შეწოვის მცირე უნარი., ამიტომ ხანმოკლე დროის განმავლობაში უნდა შეითვისოს საკვებ ნივთიერებებზე მთელი თავისი მოთხოვნილების უდიდესი ნაწილი, რასაც ახდენს აღერებიდან ყვავილობამდე, ე.ი. დაახლოებით 1-1,5 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში, სხვა საკვებ ელემენტებს შორის, ყველაზე მეტ მოთხოვნილებას ამჟღავნებს აზოტიანი სასუქების მიმართ და ითვისებს დაახლოებით 100-120 კგ აზოტის სუფთა ნივთიერებას.
საშემოდგომო ხორბლის მყარი და მაღალი მოსავლიანობისათვის გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს თესლბრუნვაში მისი კარგი წინამორბედების შემდეგ მოქცევას, რაც რამდენადმე დამოკიდებულია თვით ხორბლის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობების მიმართულებაზე, კულტურათა შემადგენლობაზე და სხვა.
აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სიმინდი, როგორც საშემოდგომო ხორბლის ერთ-ერთი საუკეთესო წინამორბედი, რომელიც გვხვდება ხორბლის თესვის ყველა რაიონში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. აგრეთვე კარგი წინამორბედია მზესუმზირა, ამიტომ პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ მზესუმზირას გავრცელების რაიონებში (სიღნაღი, წითელწყარო, საგარეჯო) საშემოდგომო ხორბლის დასათესად. აღნიშნული კულტურების (სიმინდი, მზესუმზირა), როგორც წინამორბედების შემთხვევაში, აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი სისტემის პირობებში საშემოდგომო ხორბლის გასანოყიერებლად მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას აზოტიანი სასუქის ამონიუმის სულფატის ფორმა. ამ ფორმის სასუქის აზოტს კარგად იმაგრებს ნიადაგი, მითუმეტეს შავმიწა და სუსტად გამოირეცხება წყლის მიერ. ამონიუმის სულფატის ნორმა შეადგეს N120–180კგ/ჰა აზოტის სუფთა ნივთიერებას. ზუსტი ნორმა დგინდება კონკრეტულ ფართობზე ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
დასავლეთ საქართველოში ხორბლის წინამორბედად ძირითადად გვხვდება სიმინდის სუფთა ნათესი. ამ შემთხვევაშიც აზოტის ნორმა იგივეა N120–180კგ/ჰა, მხოლოდ, ამონიუმის ნიტრატის ფორმით. ამ ფორმის სასუქის ამონიაკური ნაწილი მჭიდროდ უკავშირდება ნიადაგს და არ გამოირეცხება, ნიტრატული ნაწილი კი რჩება თავისუფალი და მოძრავი, ამიტომ, ჭარბი ტენის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამორეცხვა. დასავლეთ საქართველოს ურწყავ პირობებში ამგვარი პროცესები შედარებით ნაკლებმოსალოდნელია.
წინამორბედად თავთავიანი კულტურების შემთხვევაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს განსხვავებული ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით გამოიყენება აზოტიანი სასუქების იგივე ფორმები, რომლებიც მითითებული გვაქვს ზემოთ, იმ მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ წინამორბედებად აღნიშნული კულტურების დროს, აზოტიანი სასუქების საჭიროება მატულობს და მათი ნორმა შეადგენს N120–200კგ/ჰა აზოტის სუფთა ნივთიერებას.
იონჯა და ზოგადად სამარცვლო პარკოსნები საშემოდგომო ხორბლის საუკეთესო წინამორბედია. ისინი ფესვებზე არსებული კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით ნიადაგს ამდიდრებენ აზოტიანი შენაერთებით. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია აზოტიანი სასუქების ნორმების შემცირება N80–100კგ/ჰა ფარგლებში., სასუქების ფორმები, ხორბლის მოსაყვანი რეგიონების შესაბამისად რჩება იგივე.
მრავალწლიანი ბალახების ნარევისაგან განთავისუფლებული მინდვრის ნიადაგი გაუმჯობესებულია ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მტკიცე კოშტოვანი სტრუქტურით., ამიტომ, ის ითვლება საშემოდგომო ხორბლის კარგ წინამორბედად. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ხორბლის განოყიერება მოხდეს იგივე აზოტიანი სასუქების ფორმების N120–170კგ/ჰა ნორმით.
ანეული საერთოდ თავთავიანების და კერძოდ საშემოდგომო ხორბლისათვის მაღალეფექტური წინამორბედია. ჩვენ ქვეყანაში ანეულს იყენებენ აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ და მცირე ნალექებინ გვალვიან რაიონებში. დასავლეთ საქართველოში კლიმატური პირობების გამო, მისი გამოყენების საჭიროება არ არის. ამიტომ, ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველოს მცირენალექებიან და გვალვიან რაიონებში არ არის მოსალოდნელი ამონიუმის გვარჯილას ნიტრატული ნაწილის გამოტუტვის საფრთხე, უმჯობესია გამოყენებული იქნას სასუქის აღნიშნული ფორმა N60–100კგ/ჰა ნორმით.
© copyright