საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2021 წლის 13 აპრილის სხდომის ანგარიში
2021 წლის 13 აპრილის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 14 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 20113 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 16260 ლარი. 9 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 5 ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ტომრების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 911 ლარის ოდენობით ჰისტერექტომიის თანხის ანაზღაურებისთვის, ელმომარაგების მეკაბელეს დავეხმარეთ პნევმონიის სამკურნალოდ 237 ლარის ოდენობით, საქვაბის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება ქოლეცისტექტომიის ასანაზღაურებლად 512 ლარის ოდენობით, ციანმარილების მეაპარატეს დავეხმარეთ 1786 ლარით ნეფროლიტიაზის სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 470 ლარის ოდენობით სახსარშიდა ინექციის გასაკეთებლად, სიცივის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება ინფარქტის სამკურნალოდ 943 ლარის ოდენობით, საშვების ერთ-ერთ კონტროლიორს დავეხმარეთ 1600 ლარით გართულებული კატარაქტის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს დამხმარე მუშას გაუწიეთ დახმარება 393 ლარი ოდენობით ლითონის პოსტოპერაციული ფირფიტის ამოსაღებად.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, რესურსი ასე გადანაწილდა: გვარჯილის საამქროს კიდევ ერთ თანამშრომელს მეუღლის შარდის ბუშტის სიმსივნის გამო გაეწია დახმარება 1088 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს ვაჟის სტენტირების გასაკეთებლად გაეწია დახმარება 380 ლარის ოდენობით, ასევე წყალმომარაგების საამქროს მეორე თანამშრომელს დედის მწვავე ინფარქტის და შუნტირების გამო გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით, სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს მეუღლის ფეხის განგრენის ოპერაციული მკურნალობისთვის გაეწია დახმარება 2150 ლარის ოდენობით, ელმომარაგების საამქროს ელმონტიორს მეუღლის ინსულტის გამო გაუწიეთ დახმარება 590 ლარის ოდენობით.
ერთი განმცხადებელი არ დაფინანსდა არასაკმარისი საბუთების წარდგენის გამო.