წარმოგიდგენთ ფონდ “თანადგომის” სექტემბერ-ოქტომბერის საქმიანობის ანგარიშს. გვესაუბრება საქველმოქმედო ფონდ “თანადგომას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ზვიადაური:
სექტემბრის თვეში ფონდში შედარებით ნაკლები რაოდენობის განცხადება შემოვიდა. სულ შემოსული იყო და საბჭომ განიხილა 11 განცხადება. აქედან 2 განცხადება იყო ამიაკის წარმოებიდან, 2 მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროდან, ხოლო თითო-თითო კაპროლაქტამის, ჟანგბადის წარმოების, გვარჯილის, ელ.მომარაგების, სარემონტო-მექანიკური და ანტიკოროზიის საამქროებიდან, ერთიც ადმინისტრაციული სამსახურიდან. აქვე აღვნიშნავ, რომ ფონდის ანგარიშზე სექტემბრის თვეში იყო 9364 ლარი. რომელიც საბჭომ ასე გადაანაწილა:
მოთხოვნილი თანხის 100%-ით დაკმაყოფილდა ამიაკის წარმოების სინთეზის თანამშრომელი, რომელსაც გამოეყო 450 ლარი, მწვავე ინსულტის შემდგომ შეზღუდული მოძრაობის აღსადგენად საჭირო მასაჟისთვის;
ასევე 100%-ით – 390 ლარით დაკმაყოფილდა ამიაკის წარმოების თანამშრომლის თხოვნა, რომელსაც მუხლის ტრავმული დაზიანება დაზღვევამ არ აუნაზღაურა;
მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს გამოეყო 1350 ლარი – დისთვის ფილტვის ფიბროზის გამო საჭირო სასუნთქი აპარატის შესაძენად;
კაპროლაქტამის წარმოების თანამშრომლის განცხადება, რომლის მეუღლესაც გაუკეთდა მალთაშუა თიაქრის ოპერაცია და ხარჯი შეადგენდა 1260 ლარს, ფონდმა მხოლოდ 40% ანუ 500 ლარი დააფინანსა;
ჟანგბადის წარმოების საამქროს თანამშრომლის, განცხადება, რომლის ქალიშვილსაც ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის ოპერაციისთვის ესაჭიროება 600 ლარი, დაფინანსდა 100%.
გვარჯილის საამქროს თანამშრომელს, რომლის მეუღლესაც გაუკეთდა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ოპერაცია და დაზღვევისა და მერიის დახმარების გარდა, დაეხარჯა 175 ლარი, სიმბოლურდა დავაფინანსეთ მხოლოდ 50 ლარით;
ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომლის განცხადება, მკერდის სიმსივნის გამო გაკეთებული მასტექტომიისათვის 580 ლარის მოთხოვნით, დაფინანსდა 100%-ით.
სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელი, რომლის მეუღლესაც ესაჭიროებოდა მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება, ხოლო პროთეზის ღირებულებას არ ფარავს დაზღვევა, ითხოვდა 2050 ლარს, მხოლოდ 1000 ლარი ავუნაზღაურეთ;
ანტიკოროზიის საამქროს თანამშრომლის მამას მწვავე ინფარქტის გამო დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, სტენტის ღირებულებას დაზღვევა არ აფინანსებს. გახარჯული თანხა შეადგენდა 1273 ლარს, ფონდმა იგი 40% ანუ 500 ლარით აანაზღაურა;
მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს კოჭის მოტეხილობის გამო ჩატარებული ოპერაციისათვის ფონდი დაეხმარა 100%, ანუ გადაუხადა 255 ლარი;
ადმინისტარციული სამსახურის თანამშრომლის 20 წლის შვილს, რომელსაც იდაყვის ოსტეოიდ-ოსტეიმის გამო (კეთილთვისებიანი სიმსივნე), პოსტოპერაციულად ესაჭიროება რეაბილიტაცია ტატიშვილის კლინიკაში სპეციალურ აპარატზე, ამისათვის საჭიროა თანხა 1800 ლარის ოდენობით. ფონდმა ეს თანხა სრულად 100% დაუფინანსა.
სექტემბრის სხდომაზევე მოხდა წინა თვეებში დარჩენილი ორი განცხადების განხილვა. ერთი იყო კაპროლაქტამის წარმოებიდან და მეორე ჟანგბადის წარმოების საამქროდან: კაპროლაქტამის წარმოების თანამშრომელი, რომელსაც ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი და, რომელსაც თავისით გადაადგილებაც კი უჭირს, სათანადო დასაბუთების საფუძველზე ითხოვდა 500 ლარით დახმარებას, განხილვის შემდეგ მას მხოლოდ 300 ლარით დავეხმარეთ; ხოლო ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს, რომელსაც აქვს ქრონიკული პრობლემები ხერხემალზე გამოვუყავით 250 ლარი.
ფონდმა სექტემბრის თვეში დახმარებებზე სულ დახარჯა 8735 ლარი. ფონდში დარჩენილ სექტემბრის თანხას დაემატა მომდევნო თვის შემოსული თანხები, რამაც საერთო ჯამში შეადგინა – 12784 ლარი (20%-იანი საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინებით). აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდისთვის თანამშრომელთა მიერ გაღებულ თანხებს, სექტემბრის თვიდან ემატება დისციპლინისა და შიდაგანაწესის დარღვევის გამო დაკავებული თანხები.
ოქტომბრის თვეში შემოსული 18 განცხადებების საფუძველზე (უნდა ვთქვათ, რომ განცხადებები ამ თვეში საკმაოდ ბევრი იყო), თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა.
100%-ით დაკმაყოფილდა შემკეთებელ-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი, რომლის შვილსაც დაუდგინდა ლიმფოგრანულომატოზიტი, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროებს ოპერაციას და ბიოფსიას, ითხოვდა 655 ლარს;
ამავე საამქროს თანამშრომლის 4 წლის ვაჟს აქვს ფსიქიური აშლილობა, უჭირს მეტყველების გაგება, კონცენტრირება, დიაგნოზი – ექსპრესიული მეტყველობის აშლილობა და ესაჭიროებოდა 1000 ლარი – დაფინანსდა 500 ლარით;
აზოტმჟავას საამქროს თანამშრომელს, რომელსაც მკერდის სიმსივნის გამო გაუკეთდა ოპერაცია, ჩაუტარდა ქიმიო თერაპიის 6 კურსი, ესაჭიროება სხივური თერაპია. მას სადაზღვევო ფონდი ამოწურული აქვს. ითხოვდა 8000 ლარს, ფონდმა დააფინანსა 4000 ლარით და ჩვენი სადაზღვევო კომპანია შეპირდა 2000 ლარს;
ფონდმა დააფინანსა 100%-ით საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის საამქროს თანამშრომელი, რომელიც ტრავმის შედეგად წვივზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ბოლო ფირფიტის ამოსაღებად საჭიროებს 140 ლარს;
ამავე საამქროს თანამშრომელი, რომელმაც გაიკეთა გინეკოლოგიური ოპერაცია, დიაგნოზი – კეთილთვისებიანი სიმსივნე – ფონდმა 100% დააფინანსა და გამოუყო მოთხოვნილი თანხა 550 ლარი;
გვარჯილის საამქროს თანამშრომელს, რომელსაც გაუკეთდა პროსტატის ოპერაცია, ითხოვდა 1190 ლარს, ფონდმა გამოუყო 300 ლარი;
ასევე, გვარჯილის საამქროს თანამშრომლის ვაჟმა გადაიტანა გულის მწვავე ინფარქტი, ამავდოულად არის უსინათლო, დაენიშნა მუდმავად მოსახმარი პრეპარატები, ითხოვეს 1 წლის სამყოფი წამლებისთვის საჭირო თანხა 1140 ლარი – ფონდმა ნახევარი , ანუ 570 ლარი დაუფინანსა;
ხოლო ციანმარილების თანამშრომელს, რომლის მეუღლემაც გაიკეთა ფარისებრი ჯირკვალის მოკვეთა, ოპერაცია დაჯდა 3520 ლარი, დაზღვევამ დაუფინანსა 2464, ითხოვდა საკუთარი ხარჯის 1050 ლარის ანაზღაურებას, ფონდმა მას 500 ლარი გამოუყო;
ციანმარილების თანამშრომლის 21 წლის შვილს გაუკეთდა თირკმელის ტრანსპლანტაცია, გადაუნერგეს დედის თირკმელი, პოსტოპერაციულად, მუდმივად იღებს წამლებს, ითხოვს სამი თვის წამლების ანაზღაურებას და ყოველწლიური ანალიზის ღირებულების გადახდას. ითხოვდა 544 ლარს და ფონდი მას 100% დაეხმარა;
ამიაკის წარმოების თანამშრომელს, რომლის 59 წლის მეუღლესაც დაუდგინდა პიოგენური არტრიტი, პლევრიტი, ტერფის აბსცესი, ლეიკოზიტი და მკურნალობის ხარჯები შეადგენს 730 ლარს, ფონდმა 100% დააფინანსა
ამიაკის წარმოების თანამშრომელმა მწვავე ინსულტის შედეგების მკურნალობისთვის უკვე მესამედ მომართა ფონდს, ითხოვდა 700 ლარს, გადავეცით 300 ლარი;
კაპროლაქტამის საამქროს თანამშრომელს სანაღვლე გზების და ლიმფური ჯირკვლების სიმსივნის გამო ესაჭიროება ქიმიოთერაპია, სადაზღვევო ლიმიტი კი ამოწურული აქვს, უკვე მესამედ მომართა ფონდს, ითხოვდა 930 ლარს – ფონდმა დააფინანსა 300 ლარით;
წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს ამოსაკვეთი აქვს ნაღვლის ბუშტი, რისთვის ესაჭიროება 280 ლარი – ფონდმა გამოუყო 200 ლარი;
კაპიტალური მშენებლობის განყოფილების თანამშრომელი, რომელმაც კენჭების გამო ამოიკვეთა ნაღვლის ბუშტი., ითხოვდა 280 ლარს – ფონდმა გასცა 200 ლარი;
სამეურნეო საამქროს თანამშრომელის 6 წლის შვილიშვილს აქვს ტერფის ექვინო-ვირუსული დეფორმაცია და საჭიროებს ოპერაციას, რისთვისაც ითხოვდა 765 ლარს – ფონდმა დააფინანსა 100%;
სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს, რომლის მეუღლემაც სიმსივნის გამო გაიკეთა ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია და გაიხარჯა 1154 ლარი, ფონდმა დახმარება გაუწია 500 ლარის ოდენობით;
ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომლის ქალიშვილს ჰემოროიდული კვანძების ოპერაციისთვის ესაჭიროება 700 ლარი – ფონდმა იგი 100% დააფინანსა.
ციანმარილების წარმოების თანამშრომელს სახლში გაუჩნდა ხანძარი და გაუნადგურდა წყლის გამაცხელებელი, აირის მილები და შესასვლელი კარი, თხოვნით მიმართა ფონდს, ითხოვდა დაახლოებით 600 ლარს, რაზედაც ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით უარი ეთქვა;
ამ თვეში მოთხოვნა იყო 20408 ლარზე, მაგრამ ფონდმა გასცა 11 454 ლარი. ამ ეტაპზე ფონდში დარჩენილია 1330 ლარი, რომელიც დაემატება მომდევნო თვეში შემოწირულ თანხებს.
სასიხარულოა ის, რომ ძალიან იმატა ფონდში შემოწირულმა თანხებმა. ფონდში გაწევრიანების მსურველთა საკმაოდ ბევრი განცხადებაა შემოსული ციანმარილების წარმოებიდან, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის საამქროებიდან. არის განცხადებები სამმართველოდანაც. ეს კი იმის დასტურია, რომ ფონდმა თავისი სახელი გაამართლა, და მართლაც თანადგომას და დახმარებას უწევს შეჭირვებულ ადამიანებს.
პ.ს. იმ პირებმა, ვისაც სურთ, ფონდში შემოწირული თანხების გაზრდა ან სულაც ფონდში გაწევრიანება და გარკვეული თანხის გაღება, მიმართონ კანცელარიას. ფონდ "თანადგომის" თავმჯდომარეს თინიკო ზვიადაურს. იქვე მოხდება შესაბამისი ბლანკის შევსება, დააფიქსირდება თქვენთვის სასურველი თანხა, რის საფუძველზეც მითითებული თანხა ხელფასიდან გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე.